ცხოველთა თავშესაფრის დაცვაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით ზანდუკელს აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარის ოდენობის არასაპატიმრო გირაო დაეკისრა და დარბაზიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა.
დავით ზანდუკელი 16 ნოემბერს თბილისში ცხოველთა თავშესაფარში შესვლის მცდელობისას დაცვის თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, თბილისში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა. დაცვის თანამშრომელმა მათ ტერიტორიაზე შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ მასზე ფიზიკურად იძალადა“, – წერია შსს-ს განცხადებაში.
ზანდუკელი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, ასეთი რამ არ მომხდარა და საქმეში არსებობენ მოწმეებიც. დათა ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ ზანდუკელის დაკავება „დაკვეთის შესრულებაა”, რათა ცხოველთა სხვა უფლებადამცველებიც გააჩერონ.
დღეს განცხადება დავით ზანდუკელთან დაკავშირებით გაავრცელა საერთაშორისო მართლმსაჯულების კორპორაციამ, რომელიც ზანდუკელის ინტერესებს იცავს. როგორც ორგანიზაცია ამბობს, საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი დამოუკიდებელი და ობიექტური მტკიცებულება, რომელიც დავით ზანდუკელის ბრალეულობას დაადასტურებდა.
საერთაშორისო მართლმსაჯულების კორპორაციის თქმით, საქმეში იკვეთება „სისტემური დევნის ნიშნები” და ზანდუკელს ბრალად ედება ისეთი ქმედება, რომელიც რეალურად საერთოდ არ მომხდარა.
ორგანიზაციის განცხადებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებთან დაკავშირებული გარემოება. კერძოდ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მტკიცებით, მიმდინარე წლის 12 ნოემბრიდან სააგენტოს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, რის გამოც შეუძლებელი იყო შენობის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრის ვიდეოსამეთვალყურეო მონიტორინგის განხორციელება.