რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებმა მშვიდობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტს ხელი ვლადიმერ პუტინმა, სი ძინპინმა და დონალდ ტრამპმა შენჟენში, 19 ნოემბერს გამართული ისტორიული სამმხრივი სამიტის ფარგლებში მოაწერეს.
ოთხპუნქტიანი დეკლარაცია საერთაშორისო უსაფრთხოების, სტრატეგიული სტაბილურობის, ენერგეტიკული თანამშრომლობისა და ბირთვული რისკების შემცირების საკითხებს მოიცავს.
„რუსეთისა და აშშ-ის სახელმწიფოთა მეთაურებმა ჩინეთს მადლობა გადაუხადეს ამ ისტორიული სამმხრივი სამიტის ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის. სამი სახელმწიფოს მეთაურმა ვრცლად გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ვითარების შესახებ და გამოხატეს ერთგულება სტრატეგიული სტაბილურობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართ.
1. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრებმა – რუსეთმა, ჩინეთმა და აშშ-მა – გაეროს რეფორმირებისადმი მზადყოფნა გამოხატეს, რათა ორგანიზაციამ უფრო ეფექტიანად შეძლოს გლობალურ გამოწვევებზე რეაგირება და შეესაბამებოდეს თავის ფუნდამენტურ მისიას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.
2. სამი სახელმწიფო გეგმავს ნავთობგადამუშავების პროდუქტების წარმოებისა და მიწოდების გაზრდას ყველა ქვეყნის საკეთილდღეოდ. მათ დაადასტურეს ენერგომომარაგების სტაბილურობის მნიშვნელობა.
3. სამი სახელმწიფოს მეთაური აღნიშნავს, რომ სახელმწიფოთა თანხმობის პრინციპსა და სახელმწიფოთა ოფიციალური პირების იმუნიტეტების დაცვას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ისინი თანხმდებიან, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ და სხვა ანალოგიურმა სტრუქტურებმა ბოროტად არ უნდა გამოიყენონ საკუთარი უფლებამოსილებები.
4. სამი სახელმწიფოს მეთაურმა დაადასტურა, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული არ შეიძლება არსებობდეს და ასეთი ომი არასოდეს უნდა დაიწყოს. სამი ქვეყანა გააგრძელებს დიალოგს ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციის მიზნით” – წერია დეკლარაციაში.
სამიტს, რომელიც 19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში გაიმართა, ისტორიულს უწოდებენ, რადგან ეს რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის მოქმედი ლიდერების პირველი ოფიციალური სამმხრივი პირისპირ შეხვედრა იყო. ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ჩინეთში 18 ნოემბერს ჩავიდნენ, ხოლო სამმხრივი მოლაპარაკებები 19 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო უსაფრთხოების, სტრატეგიული სტაბილურობის, ენერგეტიკული თანამშრომლობისა და ბირთვული რისკების შემცირების საკითხები განიხილეს.