EPRC-ის თქმით, Wildberries საქართველოში ფართოვდება -19 ჰექტარზე მეტი მიწა და ტაქსის სერვისი

პუბლიკა

ევროკავშირის მიერ Wildberries-ის დამფუძნებლის დასანქცირების ფონზე, რუსული ონლაინსავაჭრო პლატფორმა საქართველოში საქმიანობას აფართოებს. კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ტატიანა კიმი ევროკავშირმა 2026 წლის 16 ნოემბერს სანქციების სიაში შეიყვანა. ამ ფონზე Wildberries-ის ქართული ოპერატორი, შპს „ტრანსკომ გრუპი“, რუსთავთან 19.25 ჰექტარ მიწას ფლობს, სოფელ გამარჯვებაში საწყობს იჯარით იყენებს და თბილისში WB Taxi-ის გაშვებისთვის ემზადება. ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) კვლევაშია საუბარი.

ევროკავშირის საბჭოს შეფასებით, Wildberries რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადის გადამხდელია და პლატფორმა რუს სამხედროებს სამხედრო აღჭურვილობისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის შეძენას უადვილებს. ტატიანა კიმი Wildberries-ის 100%-ს ფლობს, გაერთიანებულ კომპანია RWB-ში (Wildberries & Russ) კი მისი ირიბი წილი 65%-ია. ევროკავშირის სანქციები კიმის აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს. თავად „ვაილდბერისი” აცხადებს, რომ ევროკავშირში აქტივები და საქმიანობა არ აქვს და სანქციები მის ოპერაციებზე გავლენას ვერ მოახდენს. სანქციები ასევე დაწესებული აქვს Wildberries Bank-ს – ჯერ გაერთიანებულმა სამეფომ, შემდეგ კი ევროკავშირმა.

EPRC-ის კვლევის მიხედვით, 2026 წლის იანვარში „ტრანსკომ გრუპმა“ სახელმწიფოსგან პრივატიზაციის გზით ოთხი მიწის ნაკვეთი შეიძინა. ისინი თბილისი–წითელი ხიდის საერთაშორისო გზის მიმდებარედ მდებარეობს. ოთხივე ნაკვეთის საერთო ფართობი 192 521 კვადრატული მეტრია ანუ 19.25 ჰექტარი. ორგანიზაციის ვარაუდით, ტერიტორია შესაძლოა საწყობის ან ლოგისტიკური კომპლექსისთვის იყოს განკუთვნილი.

„ოთხი ნაკვეთის ერთ უბანში თავმოყრა და ოპერატორის უკვე დოკუმენტირებული სასაწყობე საქმიანობა საფუძველს ქმნის ვარაუდისთვის, რომ მიწა საწყობის ან ლოგისტიკური კომპლექსისთვისაა გამიზნული. პროექტის დანიშნულება, შენობების ფართობი და მშენებლობის ვადები საჯარო მასალებით ჯერ ვერ დგინდება” – წერია კვლევაში.

ამასთან, კომპანიას სოფელ გამარჯვებაში 12 816.8 კვ.მ სასაწყობე ობიექტი აქვს იჯარით აღებული. 2026 წლის 28 ოქტომბერს „ტრანსკომ გრუპმა“ ამ საწყობში მობილური კავშირის სიგნალის გაუმჯობესების მიზნით ტენდერი გამოაცხადა. კომპანია გარდაბანში კიდევ ერთ საიჯარო ობიექტსაც იყენებს.

საქართველოში Wildberries-მა საქმიანობა 2024 წლის 22 ოქტომბერს, ადგილობრივი პარტნიორის მეშვეობით დაიწყო. თავდაპირველად მომხმარებლებს დაახლოებით რვა მილიონი დასახელების პროდუქტი შესთავაზეს, შეკვეთები კი თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთი პუნქტიდან გაიცემოდა. მოგვიანებით ქსელი გაფართოვდა და პლატფორმაზე გაყიდვის შესაძლებლობა ქართველ მეწარმეებსაც მიეცათ.

როგორც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი წერს, სასაწყობე ინფრასტრუქტურის გაფართოების პარალელურად, კომპანია თბილისში WB Taxi-ის ამოქმედებისთვისაც ემზადება. ოქტომბერში „ტრანსკომ გრუპმა“ ორი ტენდერი გამოაცხადა, რომლებიც ტაქსის ავტომობილების ბრენდირებას ეხებოდა. ერთ-ერთი მათგანი დაახლოებით 150 ავტომობილისთვის სპეციალური ფირის დამზადებასა და დატანას ითვალისწინებდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება მომსახურება და ვინ განახორციელებს მგზავრების გადაყვანას.

„ტენდერი გაშვებისთვის მზადებას ადასტურებს. გაფორმდა თუ არა ხელშეკრულება, რამდენი ავტომობილი დაიბრენდა, დაიწყო თუ არა მგზავრების გადაყვანა და ვინ იქნება უშუალო გადამყვანი, საჯარო ჩანაწერებში ვერ დგინდება. ნოემბრის დასაწყისისთვის სერვისი მოქმედებდა ბელარუსში (მინსკი, ბრესტი, გროდნო), ყირგიზეთში (ბიშკეკი, ოში, მანასი) და უზბეკეთის ექვს ქალაქში, მათ შორის ტაშკენტსა და ფერგანაში. სომხეთში 22 სექტემბერს ერევანში ადრეული წვდომის რეჟიმი ამოქმედდა. რუსეთში ჯგუფმა აპრილში შეიძინა Citymobil-ი, Taxovichkof-ი და Gruzovichkof-ი. უშუალოდ WB Taxi-ის ბრენდით რუსეთში სერვისის ამოქმედება მოძიებული ცნობებით ვერ დადასტურდა” – ვკითხულობთ კვლევაში.

EPRC ტაქსის სერვისთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას. კვლევაში მოყვანილია 2024 წლის შემთხვევა, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა Yandex-ის ქართულ ოპერატორს მომხმარებელთა მონაცემების რუსეთში უკანონოდ გადაცემისთვის 4 000 ლარის ჯარიმა დააკისრა.

კვლევის მიხედვით, „ტრანსკომ გრუპის“ თავდაპირველი მფლობელი ლაშა მეგრელიძე იყო, რომელიც „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და დამოუკიდებელი წევრი გახლდათ. 2024 წლიდან კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი სერგი თვალჭრელიძეა. პოლიტიკური შემოწირულობების ბაზის თანახმად, თვალჭრელიძემ 2025 წელს „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა.

ამასთან, თვალჭრელიძე ბიზნესპარტნიორობას უკავშირდება „ქართული ოცნების“ დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილთან. ორივე მათგანი კომპანია „ნამა კონსალტინგის“ თანამფლობელი იყო, რომელსაც „ტრანსკომ გრუპთან“ ერთი და იგივე იურიდიული მისამართი აქვს.

EPRC-ის კვლევა ეფუძნება საჯარო რეესტრის, სახელმწიფო უწყებების, სატენდერო დოკუმენტებისა და სხვა ღია წყაროების მონაცემებს.