კალაძე 41 მილიონის მითვისების საქმეზე: დაველოდოთ გამოძიებას, დაუსჯელი არავინ დარჩება

პუბლიკა

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს ვაგონების ტენდერებიდან 41 მილიონი ლარის მითვისების საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ  ამ საქმეზე მოკვლევა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნა.

მისი თქმით, ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, კანონის წინაშე პასუხს აგებს.

„ალბათ გაქვთ ინფორმაცია, რომ საკითხი ჩვენი შესაბამისი სამსახურების მოკვლევის შედეგად იქნა გადაგზავნილი შესაბამის უწყებაში, რომ დაწყებულიყო გამოძიება. საქმე გვაქვს, სავარაუდოდ, საბუთების გაყალბებასთან. დაველოდოთ გამოძიებას. დაუსჯელი არავინ დარჩება, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. ყველა, რა თქმა უნდა, აგებს პასუხს კანონის წინაშე“, – თქვა კალაძემ.

კახა კალაძეს შეკითხვა დაუსვეს გიორგი შარკოვის პასუხისმგებლობაზეც.

შარკოვი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორია, რომელიც ამავდროულად სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

კალაძის მტკიცებით, მერიის მხრიდან შესყიდვისა და ტენდერის ყველა პროცედურა „გამჭვირვალედ წარიმართა“, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი კი საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი არ არის.

„გიორგი შარკოვი არ არის გამომძიებელი ან საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი. რაც შეეხება თვითონ პროცედურას, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, აბსოლუტურად გამჭვირვალედ იყო ყველაფერი განხორციელებული და ტენდერი გამოცხადებული. ეს ცოტა სპეციფიკური და განსხვავებული საქმიანობაა. არსებული მეტროს ვაგონები რუსული წარმოშობისაა, საბჭოთა კავშირის დროინდელი.

შესაბამისად, იმ დეტალების მოძიება და შეძენა, რომლებიც რეაბილიტაციისთვის იყო საჭირო, მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ბაზარზე შეიძლებოდა. ამიტომ, თუ ვიღაც საქართველოს გარეთ საბუთებს აყალბებდა, მერიის თანამშრომელს როგორ ექნებოდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით? მიუხედავად ამისა, გამოძიება დაწყებულია ჩვენს მიერ გადაგზავნილ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის პასუხისმგებლობა, რაც აკისრია მერიას, მაგალითად, სწორად გამოაცხადოს ტენდერი, სწორი იყოს სატენდერო პროცედურები, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ყველაფერი არის გაკეთებული კანონის შესაბამისად“, – თქვა კახა კალაძემ.

პროკურატურამ დიდი ოდენობით ფულის მითვისების საქმეზე ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, საწარმოს წილის ერთ-ერთი რეალური მფლობელი – პაატა სვანიძე და შპს ,,საჩინოს’’ დირექტორი და შპს ,,ინტრანსის’’ დირექტორი – რუსლან დემუროვი დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციის და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვის თაობაზე 2017-2024 წლებში 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145 367 365 ლარიდან 41 105 298 ლარს.

„მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღსრულების მიზნით, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს შპს ,,საჩინო’’, რომლის სახელითაც საქართველოში, ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მეტროს ვაგონების მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტი განახორციელეს, გადამზიდი კომპანია „ინტრანსის’’ მეშვეობით. ხოლო შემდგომ შპს „საჩინოდან’’ ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების გზით, იმპორტირებული საქონელი, 3-ჯერ გაზრდილი ფასით მიაწოდეს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“, – წერს უწყება.

4 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ”; მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქ/პუნქტებით; 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქ/პუნქტით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქ/პუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7 და 11 წლამდე ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულთაგან 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ მათგანს 2 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ. უწყება სახელებით არ აკონკრეტებს, ვის მიმართ რა ღონისძიება გამოიყენეს.