ინგუში აქტივისტი ამბობს, რომ მისი და რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა „გაიტაცეს და სცემეს“

პუბლიკა

ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა

გერმანიაში მცხოვრები ინგუში აქტივისტი ჰასან კორტოევი აცხადებს, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) მისი და გაიტაცა, სცემა და აიძულა, მისი მადისკრედიტირებელი ვიდეო ჩაეწერა. კორტოევმა დის სავარაუდო გატაცება თავის აქტივიზმსა და „ინგუშეთის დამოუკიდებლობის კომიტეტთან“ კავშირს დაუკავშირა.

მისი განცხადებით, FSB-ის თანამშრომლებმა მისი და, მარინა კორტოევა, სამუშაო ადგილიდან – ინგუშეთში მდებარე ფსედახის ფსიქონევროლოგიური პანსიონატიდან გაიყვანეს. მარინა კორტოევა აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელია.

კორტოევმა OC Media-ს უთხრა, რომ 8 ნოემბერს, სოფელ ფსედახში მდებარე დაწესებულების ტერიტორიაზე ნიღბიანი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შეიჭრნენ, მის დაზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს, დაემუქრნენ და სცემეს.

„უთხრეს: როგორ შეიძლება საჯარო მოხელეს ასეთი თანამდებობა ეკავოს, როცა შენი ძმა ექსტრემისტია? თავზე ტომარა ჩამოაცვეს და მაგასში მდებარე FSB-ის სამმართველოში წაიყვანეს. შემდეგ ჩემს სახლშიც მივიდნენ, სადაც დედაჩემი ცხოვრობს და შეაშინეს. ის 70 წლისაა, წნევა ისე აეწია, რომ მომხდარის შემდეგ დღემდე ვერ გამოჯანმრთელდა. ისინი მხოლოდ დაახლოებით 20:00 საათზე გაათავისუფლეს და ჩემს დას უთხრეს, რომ თუ ვინმე მომხდარის შესახებ ჰკითხავდა, ყველაფერი უნდა უარეყო. დედაჩემსა და დას ასევე აიძულეს, წინასწარ მომზადებული ტექსტის მიხედვით ვიდეოგანცხადებები ჩაეწერათ“, – განაცხადა კორტოევმა.

მანამდე, დამოუკიდებელმა ინგუშურმა მედიასაშუალება Fortanga-მ გამოაქვეყნა ერთ-ერთი ვიდეო, რომელშიც ნათესავები აქტივისტს ნარკოტიკების მოხმარებასა და ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ მან ძლიერმოქმედი ნივთიერებების მოხმარება ემიგრაციაში წასვლამდე დაიწყო და „მათ მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა“

კორტოევი ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ყველაფრის მიზანი მისი დისკრედიტაციაა. აქტივისტის თქმით, მის წინააღმდეგ არასდროს აღძრულა სისხლის სამართლის საქმე და არც ექსტრემისტად ყოფილა აღრიცხული პრევენციულ რეესტრში. OC Media-მ ეს ინფორმაცია გაჟონილი მონაცემთა ბაზების გამოყენებით გადაამოწმა.

კორტოევმა ასევე თქვა, რომ ინციდენტის შემდეგ, მისი დის ტელეფონიდან დაიწყო შეტყობინებების მიღება, რომლებშიც მის ნათესავებს სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ. მისი თქმით, გამომგზავნებმა ასევე გააზიარეს ოჯახის პირადი ფოტოები და მათი გამოქვეყნებით დაიმუქრნენ.

19 ნოემბერს მარინა კორტოევას ქმარმა, მსახიობმა ვახა ხაძიევმა, რომელსაც ინგუშეთის სახალხო არტისტის წოდება აქვს მინიჭებული, ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მან უარყო ინფორმაცია, თითქოს მისი ცოლი გაიტაცეს ან სცემეს. მისი თქმით, ცოლი და სიდედრი უსაფრთხოდ არიან და ნათესავებთან იმყოფებიან.

„არც ერთი ჩვენგანი არ გაუტაციათ. ცოცხლები და კარგად ვართ, ნათესავებთან ვიმყოფებით. არავის მოუყენებია ჩვენთვის შეურაცხყოფა და არავის წაუყენებია ჩვენთვის ბრალდება. ცოცხლები და კარგად ვართ, არავის ვუცემივართ“, – განაცხადა ხაძიევმა.

მან ასევე მოუწოდა საზოგადოებას, არ გაავრცელონ ის, რასაც თავად „გამოგონილ ისტორიებს“ უწოდებს.

კორტოევი ამტკიცებს, რომ ხაძიევთან არასდროს ჰქონია ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ის მისი სიძეა. როგორც ჩანს, აქტივისტმა არც ის იცოდა, რომ ხაძიევი რუსეთში ცნობილი მსახიობია.

მასალის გამოქვეყნების დროისთვის ხაძიევს OC Media-ს კითხვებზე პასუხი არ გაუცია.

ჰასან კორტოევი ბერლინში დაახლოებით ოთხი წელია ცხოვრობს. ის დის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს სოციალურ ქსელებში ინგუშეთში არსებული ვითარების შესახებ მის კრიტიკულ განცხადებებსა და ინგუშეთის დამოუკიდებლობის კომიტეტთან (KIN) თანამშრომლობას უკავშირებს.

„მცირე გვერდს ვმართავ და ბოლო სამი-ოთხი წელია, ოკუპაციის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებ. TikTok-ზე 9 000 გამომწერი მყავდა, თუმცა ჩემი ანგარიში ახლა დაბლოკილია. ჩემს Instagram-გვერდს ზოგჯერ თვეში 12 მილიონამდე ნახვა აქვს“, – თქვა კორტოევმა.

KIN არის ორგანიზაცია, რომელიც 2023 წელს რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიქმნა და ინგუშეთის დამოუკიდებლობასა და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან რესპუბლიკის გასვლას უჭერს მხარს. მისმა მხარდამჭერებმა პირველი ყრილობა 2023 წლის იანვარში, სტამბოლში გამართეს. კომიტეტის დეკლარირებული მიზნებია „ინგუშეთის სუვერენიტეტის აღდგენა“ და ინგუში ხალხის ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნება.

2024 წლის იანვარში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ KIN უცხოელი აგენტების რეესტრში შეიყვანა. იმავე წლის მაისში ორგანიზაცია რუსეთში „არასასურველად“ გამოცხადდა. რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება კომიტეტის საქმიანობას დაუკავშირა და განაცხადა, რომ მისი მიზანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შერყევა იყო.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.