მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ხელისუფლება ურწმუნოა და უნდა წავიდეს - მიტროპოლიტი სტეფანე

პუბლიკა

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ქადაგებისას ხელისუფლებაზე ისაუბრა და „ქართული ოცნება“ დაიცვა. მიტროპოლიტმა ქადაგება დაიწყო იმით, რომ უნდა განვასხვავოთ მხილება და განკითხვა, რომელიც შეიძლება ცილისწამებამდეც კი მივიდეს, ამის მაგალითად კი განაცხადა, რომ ის ვერ უწოდებს დღევანდელ ხელისუფლებას ურწმუნოს. მიტროპოლიტი სტეფანე ამ ქადაგებით მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობის ქადაგებებს გამოემხაურა, რომელშიც ის ამბობდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ურწმუნოა.

„როცა იტყვი, რომ, ვთქვათ, ვიღაცა არ არის მორწმუნე, მე როგორ უნდა ვთქვა, ვიღაცა არ არის მორწმუნე, თუ ის აშკარა ღვთის გმობაში არ არის და ამის ხედვა არა გვაქვს. თუ ხედავ, რომ ღვთის გმობაა, მაშინ იტყვი სიტყვას, მაგრამ როცა უბრალოდ ადამიანზე, ვინმეზე იტყვი, რომ ურწმუნოა, მე რა ვიცი, მე არ ვიცნობ და როგორ ვამბობ, ურწმუნოა…

…მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავრობა არის ურწმუნო, ვერ ვიტყვი, რომ მთელი მთავრობა უნდა წავიდეს და ვინ მოვა მერე? მე არ ვიცი. მე ვერ ვიტყვი, იცი რატომ? იმიტომ, რომ დღეს ამხელა ბრძოლაშია ჩვენი ხელისუფლება“, – თქვა მიტროპოლიტმა.

სტეფანემ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო წლებში მიღებული კანონები დაასახელა და ეს მოიყვანა იმის დასადასტურებლად, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს „საქართველო თავის გზაზე განაგრძობდეს სიარულს“.

„ცდილობენ, რომ ეს არასწორად დახარჯული ფული ჩვენ ადამიანებს არ აბრკოლებდეს. როგორ არის ახლა ეს ხალხი ურწმუნო, მე არ მესმის!

ის ყველაფერი, რაც ცუდია, უნდა აღმოიფხვრას და უნდა ვეცადოთ, რომ აღმოიფხვრას. ჩვენც უნდა ვეცადოთ და მთავრობასაც უნდა მოვუწოდოთ, მაგრამ ის კი არა, რომ ჩვენ ახლა უარესი მოვიყვანოთ და მერე რა უნდა გააკეთო? ამათთან ცდილობ, რომ რაღაცა მოაწესრიგო და ცოტ-ცოტა წინ-წინ მივდივართ და ესენი რომ გაყარო, ვინ უნდა მოიყვანო? ვინ უნდა მოიყვანო? ვინ იქნებიან?

რომ აშრიალდა მთელი ეს რაღაც, გაიგეს თუ არა რომ ვიღაცამ ასეთი სიტყვა თქვა, რომ მთავრობა უნდა წავიდეს და რაღაცა და მთელი ეს ვინც ჩვენი ქვეყნის მოწინააღმდეგე და მტრები არიან, ყველამ დაიწყეს ყვირილი. დაწყებული ლგბტ-დან, დამთავრებული ენჯეოთი და საზღვარგარეთიდან მფარველები. მოკლედ, ერთი ამბავი აქვთ, როგორღაც ჩვენი მთავრობა წავიდეს.

სად უნდა წავიდეს და ვინ უნდა მოვიდეს? დავამყაროთ ის სიტუაცია, როცა წესრიგია და იქნება დრო არჩევნებისა და ვისაც აირჩევს ხალხი ის იქნება“, – თქვა მიტროპოლიტმა სტეფანემ.


მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა 10 ნოემბერს ქადაგებისას ხელისუფლების მიერ ეკლესიის დაფინანსების პრაქტიკა გააკრიტიკა, რადგან ამის შედეგად, მიტროპოლიტის თქმით, სასულიერო პირების დიდი ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ ხმას ვეღარ იმაღლებს.

„ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიურია. დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის. და რაში გამოიხატება ეს – გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქმნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმინდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ“, – თქვა მიტროპოლიტმა.

საპასუხოდ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირებმა მიტროპოლიტ იობის კრიტიკა დაიწყეს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტმა, ლაშა ნაცვლიშვილმა მიტროპოლიტ იობს სოციალურ ქსელში რუსულ ენაზე აგინა, პროსახელისუფლებო ტელევიზიებმა კი იობის შესახებ კრიტიკული სიუჟეტები მოამზადეს.

21 ნოემბერს, ქადაგებისას, მიტროპოლიტმა იობმა ხელისუფლებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლების რეაქციამ აჩვენა სწორედ, რომ ისინი ურწმუნოები არიან.