უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების პროცესის ბლოკირება შეწყვიტა

პუბლიკა

უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების ექვსი კლასტერიდან ბოლო ორი კლასტერის გახსნაზე წინააღმდეგობა მოხსნა. ამის შესახებ გამოცემა Kyiv Independent წერს.

მანამდე უნგრეთი აღნიშნული კლასტერების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას არაერთხელ ბლოკავდა, აჭიანურებდა საბოლოო თანხმობის გაცემას, თუმცა ოფიციალურად არ ასახელებდა მიზეზს. ევროკავშირის დიპლომატების შეფასებით, ბუდაპეშტის პოზიცია უნგრეთის შიდა პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდებოდა.

გამოცემის ცნობით, მოხსნილი წინააღმდეგობა სოფლის მეურნეობისა და მწვანე დღის წესრიგის კლასტერების გახსნის პროცესის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა ამისთვის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებმა და შემდეგ მინისტრებმა საერთო პოზიცია უნდა დაამტკიცონ. საბოლოოდ, გაიმართება სამთავრობათაშორისო კონფერენცია, რომელზეც კლასტერები ოფიციალურად გაიხსნება. უკრაინული მედია წერს, რომ მოსალოდნელია ექვსივე კლასტერი დეკემბერში გაიხსნას.

რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს, როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შემდეგ ყურადღება კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე გადავა. უკრაინამ და მოლდოვამ ამ მიმართულებით გარკვეული შუალედური კრიტერიუმები უნდა შეასრულონ, რათა გაწევრიანების პროცესის შესაბამისი ეტაპები დასრულებულად ჩაითვალოს.

ევროკომისიის შეფასებით, მოლდოვას ამ მიმართულებით სამუშაოები, არსებითად, უკვე დასრულებული აქვს. ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების დიპლომატები ელიან, რომ ევროკომისია მოლდოვის პროგრესის დამადასტურებელ ანგარიშს 23 ნოემბრის კვირაში წარადგენს.

Kyiv Independent  წერს, რომ უკრაინას კანონის უზენაესობის მიმართულებით რეფორმებზე მუშაობა ჯერ კიდევ გასაგრძელებელი აქვს. თუმცა უკვე შექმნილია ევროკავშირისა და უკრაინის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც, ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატის შეფასებით, კიევის პროგრესის ტემპს სამჯერ გაზრდის.

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა იმედი გამოთქვეს, რომ უკრაინა საჭირო რეფორმებს 2027 წლის ივნისამდე, ლიეტუვის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ვადის დასრულებამდე, განახორციელებს.