ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
ოპოზიციურად განწყობილი სომეხმა ჟურნალისტმა ჰრიფსიმე ჯებეჯიანმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილი დააანონსა. ამის მიზეზი ფაშინიანის მიერ ყოველკვირეული პრესკონფერენციის დროს მის მიმართ რამდენჯერმე გამოყენებული შეურაცხმყოფელი სიტყვა გახდა. დაპირისპირებას წინ უძღოდა ჟურნალისტის განცხადება, რომელშიც მან ფაშინიანი აზერბაიჯანთან კონფლიქტის დროს სომხების დაღუპვაში დაადანაშაულა. საპასუხოდ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თავადაც უჩივლებს ჟურნალისტს.
სიტყვიერი დაპირისპირება ძირითადად სამხედრო სასაფლაო „იერაბლურის“ შესახებ მოხდა – აქ ყარაბაღის პირველი და მეორე ომების, ასევე აზერბაიჯანთან შემდგომი შეტაკებების დროს დაღუპული სომეხი ჯარისკაცები არიან დაკრძალული.
ჯებეჯიანი ფაშინიანს 18 ნოემბერს პარლამენტში გაკეთებული განცხადების გამო დაუპირისპირდა – 18 ნოემბერს სომხეთის პრემიერმა თქვა, რომ სანამ თანამდებობაზე იქნება, სამშვიდობო პროცესს ბოლომდე „ბულდოზერით“ მიიყვანს. მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთში მშვიდობა, სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია შეუქცევადი უნდა გახდეს.
„ბატონო ფაშინიან, ბულდოზერი არის მანქანა, რომელიც მიწის ამოთხრისთვის, ნგრევისა და გადაადგილებისთვის გამოიყენება. გუშინ თქვენ მუქარით თქვით: „ბულდოზერით მოვალ“ და დაამატეთ: „არ გავჩერდები“, – მიმართა ჟურნალისტმა პრემიერს.
მისივე თქმით, ბულდოზერმა მსგავსი სამუშაოები უკვე შეასრულა „იერაბლურზე“. ამით ჯებეჯიანმა 2020 წლის ომის დროს დაღუპულ დაახლოებით 4 000 ადამიანს მიანიშნა.
„განა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის? სადამდე უნდა გაგრძელდეს სიძულვილისა და მუქარის ეს დოზა, სადამდე მიგიყვანთ ეს თქვენი ჟინი? ჩვენ ამის გაგება გვინდა. რამდენჯერ შეხედეთ უკვე სომეხ ხალხს თვალებში და დაუფიქრებლად, ისე, რომ თვალიც არ დაგიხამხამებიათ, მოითხოვეთ პასუხი კითხვაზე – „რატომ არ დაიხოცეთ?“ დავუშვათ, ისინიც დაღუპულიყვნენ. რას მოგცემდათ ეს? რას მოიგებდით მათი სიკვდილით? ამის გაგება მინდა“, – განაცხადა ჯებეჯიანმა.
ჟურნალისტი ფაშინიანის იმ საკამათო განცხადებებს გულისხმობდა, რომლებიც პრემიერმა ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე, მთიანი ყარაბაღიდან დევნილთან მწვავე კამათის დროს გააკეთა. მაშინ ფაშინიანმა დევნილს უთხრა, რომ ის „ჩვენი შვილების ნაცვლად უნდა წასულიყო და დაღუპულიყო“.
„რატომ ხართ ცოცხალი? რატომ ხართ ცოცხალი, როცა კიდევ 5 000 მსხვერპლზე საუბრობთ, ნაძირალა – რატომ ხართ ცოცხალი?“ – მიმართა ფაშინიანმა დევნილს, რომელიც მოგვიანებით ხულიგნობის საბაბით დააკავეს.
ჯებეჯიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს „იერაბლურის“ ფოტოებიც აჩვენა, რომლებზეც საფლავები და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები იყო ასახული.
„განა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის?“ – იკითხა მან და ფაშინიანი სომხების მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.
ჟურნალისტმა ასევე იკითხა, ჰკითხა თუ არა ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ნოემბერში, დუბლინში გამართული შეხვედრის დროს, „რატომ არ დაიღუპა მამასთან ერთად“.
„და საერთოდ, მაპატიეთ გამოთქმა, რატომ ხართ თქვენ ჯერ ისევ ცოცხალი?“ – მიმართა მან პრემიერს, შემდეგ კი ფაშინიანი და მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ რამდენიმე წევრი ჩამოთვალა იმ პირთა შორის, რომლებსაც ჯარში არ უმსახურიათ.
საპასუხოდ ფაშინიანმა ჯებეჯიანი და ოპოზიციის წარმომადგენლები დაადანაშაულა, რომ მათ „დიდი ხანია, „იერაბლური“ თავიანთი ვიწრო ჟურნალისტური და პოლიტიკური ინტერესებისთვის წვრილმანი ხურდის წყაროდ აქციეს“.
„ამით თქვენ საცოდავი ხართ, უბრალოდ საცოდავი“, – განაცხადა ფაშინიანმა.
„ამას არავითარ შემთხვევაში არ შევეგუები. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ათჯერ – საკმარისია „იერაბლურის“ ექსპლუატაცია. გეუბნებით: თქვენ და ყველა, ვინც „იერაბლურს“ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, საცოდავები ხართ, უბრალოდ საცოდავები“, – განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ მსგავს გამონათქვამებს თავადაც იმავე სიტყვით უპასუხებდა.
„და რა ვუყოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც „იერაბლური“ შექმნეს?“ – ჰკითხა ჯებეჯიანმა.
ფაშინიანის პასუხით, სასაფლაო მანამდე დაარსდა, ვიდრე თავად ხელისუფლებაში მოვიდოდა.
„და რა ვუყოთ მათ, ვინც მისი ტერიტორია გაზარდა?“ – იკითხა ჟურნალისტმა.
პრემიერმა უპასუხა, რომ „იერაბლური“ მის ხელისუფლებაში მოსვლამდეც იზრდებოდა და დასძინა, რომ მისი მიზანი სასაფლაოს შემდგომი გაფართოების შეჩერებაა.
„ჩემი მიზანია, უზრუნველვყო, რომ ჩემი წასვლის შემდეგ ის აღარ გაიზარდოს, თქვენ კი ეს პრობლემა გაქვთ. რადგან როდესაც „იერაბლური“ ზრდას შეწყვეტს, თქვენ და თქვენნაირ ადამიანებს აღარ გექნებათ შესაძლებლობა, მთელი თქვენი საცოდავი საქმიანობით დაკავდეთ. თქვენ საარსებო წყაროსაც დაკარგავთ, რადგან ახლა „იერაბლური“ თქვენთვის ფულის შოვნის საშუალებაა“, – თქვა ფაშინიანმა და გამოსვლა ბოდიშის მოხდით დაასრულა.
ჯებეჯიანმა უპასუხა, რომ მას არ აპატიებდა და ფაშინიანის განცხადებების გამო სასამართლოში ჩივილს აპირებდა. პრემიერმა გაიღიმა და უპასუხა, რომ თავადაც მოძებნიდა მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის საფუძველს.
„სასამართლოში შევხვდებით“, – თქვა ფაშინიანმა.
მოგვიანებით, იმავე დღეს, 19 ნოემბერს სომხეთის ჟურნალისტთა კავშირმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფაშინიანმა „ჟურნალისტებს ომი გამოუცხადა“.
„მოვუწოდებთ სომხეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ მტრული რიტორიკა, თავი შეიკავოს მათი პროფესიული საქმიანობის დროს დისკრედიტაციისა და დაშინების მცდელობებისგან და გააცნობიეროს, რომ ჟურნალისტის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება მხოლოდ კონკრეტული ჟურნალისტის პრობლემა არ არის – ეს სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებზე თავდასხმაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის სხვა მედიაორგანიზაციებს მომხდართან დაკავშირებით საკუთარი განცხადებები არ გაუვრცელებიათ.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.