რომ ვთქვი ურწმუნოა მეთქი ეს ხელისუფლება, ეს წარმოჩინდა მათი გამოხმაურებით - მიტროპოლიტი იობი

პუბლიკა

რუისისა და ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა ხელისუფლება ქადაგების დროს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით, წინა ქადაგების შესახებ ხელისუფლების გამოხმაურებამ წარმოაჩინა, რომ ისინი არ არიან მორწმუნეები და შეურაცხყოფენ ღმერთსა და ეკლესიას.

„რომ ვთქვი, ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ ასეა? მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით. როგორც დღეს სახარებაში თქვენ მოისმინეთ, რომ თქვენ თუ შეურაცხგყოფენო, მოციქულებს ეუბნება, ისინი მე შეურაცხმყოფენო. მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხყვეს ღმერთი, შეურაცხყვეს ეკლესია. აქედან წარმოჩნდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი…

…ბევრს ჰგონია, რომ სანთლით დადგეს ტაძარში, დაანთოს სანთელი და ეგ არის მორწმუნეობა და ქრისტიანობა. ეს არ არის ქრისტიანობა, ეს არის – ფარისევლობა. ზუსტად უნდა დავრქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ფარისევლობა არის ეს, რომ ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ“, – თქვა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა ქადაგების დროს.

დღეს მიტროპოლიტ იობის ქადაგებას გამოეხმაურა ჭყონიდელი მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯაშვილი. მან „ქართული ოცნება“ დაიცვა და განაცხადა, რომ ვერ უწოდებს დღევანდელ ხელისუფლებას ურწმუნოს.

„თუ ხედავ, რომ ღვთის გმობაა, მაშინ იტყვი სიტყვას, მაგრამ როცა უბრალოდ ადამიანზე, ვინმეზე იტყვი, რომ ურწმუნოა, მე რა ვიცი, მე არ ვიცნობ და როგორ ვამბობ, ურწმუნოა…

…მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავრობა არის ურწმუნო, ვერ ვიტყვი, რომ მთელი მთავრობა უნდა წავიდეს და ვინ მოვა მერე? მე არ ვიცი. მე ვერ ვიტყვი, იცი რატომ? იმიტომ, რომ დღეს ამხელა ბრძოლაშია ჩვენი ხელისუფლება“, – თქვა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

სტეფანემ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო წლებში მიღებული კანონები დაასახელა და ეს მოიყვანა იმის დასადასტურებლად, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს „საქართველო თავის გზაზე განაგრძობდეს სიარულს“.

„ცდილობენ, რომ ეს არასწორად დახარჯული ფული ჩვენ ადამიანებს არ აბრკოლებდეს. როგორ არის ახლა ეს ხალხი ურწმუნო, მე არ მესმის!“ – თქვა მიტროპოლიტმა სტეფანემ.


მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა 10 ნოემბერს ქადაგებისას ხელისუფლების მიერ ეკლესიის დაფინანსების პრაქტიკა გააკრიტიკა, რადგან ამის შედეგად, მიტროპოლიტის თქმით, სასულიერო პირების დიდი ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ ხმას ვეღარ იმაღლებს.

„ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიურია. დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის. და რაში გამოიხატება ეს – გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქმნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმინდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ“, – თქვა მიტროპოლიტმა.

საპასუხოდ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირებმა მიტროპოლიტ იობის კრიტიკა დაიწყეს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტმა, ლაშა ნაცვლიშვილმა მიტროპოლიტ იობს სოციალურ ქსელში რუსულ ენაზე აგინა, პროსახელისუფლებო ტელევიზიებმა კი იობის შესახებ კრიტიკული სიუჟეტები მოამზადეს.

21 ნოემბერს, ქადაგებისას, მიტროპოლიტმა იობმა ხელისუფლებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლების რეაქციამ აჩვენა სწორედ, რომ ისინი ურწმუნოები არიან.