სომხური ორგანიზაციები: ცილისწამებაზე ინიციირებულმა კანონებმა შესაძლოა თავისუფალი მედია დააზიანოს

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

მედიის საკითხებზე მომუშავე ცხრა სომხურმა ორგანიზაციამ ხელისუფლებას მოუწოდა, უკან გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც 16 ნოემბერს საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნდა და შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის კომპენსაციის ოდენობის გადახედვას ითვალისწინებს. 

მანამდე, 2021 წელს, სომხეთის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლითაც ცილისწამებისა და შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის მაქსიმალური ჯარიმები გაიზარდა, რაც მედიაორგანიზაციებმა მაშინაც დაგმეს პრესის თავისუფლებისთვის ზიანის მიყენების გამო. სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, კრიტიკოსებისა და მედიის წინააღმდეგ ათობით მსგავსი სარჩელი შეიტანეს და სავარაუდო ცილისწამებისა თუ შეურაცხყოფისთვის კომპენსაცია მოითხოვეს.

მოქმედი კანონმდებლობით, შეურაცხყოფისთვის კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა 3 მილიონი დრამია (8 300 დოლარი), ცილისწამებისთვის კი – 6 მილიონი დრამი (17 000 დოლარი).

16 ნოემბერს გამოქვეყნებული ცვლილებების თანახმად, კომპენსაციის მინიმალური ოდენობაც განისაზღვრება: შეურაცხყოფისთვის – 1 მილიონი დრამი (2 700 დოლარი), ცილისწამებისთვის კი – 2 მილიონი დრამი (5 500 დოლარი).

კანონპროექტის გაწვევის გარდა, ორგანიზაციებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, მედიასექტორის წარმომადგენლებთან დაიწყოს მსჯელობა შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრების აუცილებლობაზე.

მათ ასევე მოითხოვეს, კანონპროექტი განსახილველად გადაეგზავნოს ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მათ მისი ექსპერტული შეფასება და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნა მოამზადონ.

„შემოთავაზებული ცვლილებები და დამატებები განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებებისთვის“, – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში. მათივე განცხადებით, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლი „უპირველეს ყოვლისა, მედიასაქმიანობით დაკავებული პირების პასუხისმგებლობას ეხება“.

ორგანიზაციების შეფასებით, კანონპროექტი ფაქტობრივად გააუქმებს ბოლო წლებში სასამართლოებში ჩამოყალიბებულ „პოზიტიურ პრაქტიკას“. ამ პრაქტიკის თანახმად, მოსამართლეები არა მხოლოდ უარს ამბობდნენ მაქსიმალური ოდენობის კომპენსაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, არამედ მოსარჩელეებს მოთხოვნილ თანხაზე ათეულობითჯერ ნაკლებ კომპენსაციას აკისრებდნენ.

მათი თქმით, აღნიშნული პრაქტიკა ასახავდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) პრეცედენტულ სამართალსა და სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ პრინციპებს. ეს პრინციპები სასამართლოებს ავალდებულებს, გაითვალისწინონ მედიების ფინანსური მდგომარეობა და უზრუნველყონ, რომ დაკისრებულმა კომპენსაციამ მათი „გაკოტრება“ არ გამოიწვიოს.

ორგანიზაციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ აპირებენ იმ პირების დაცვას, რომლებიც სხვებს შეურაცხყოფას აყენებენ ან ცილს სწამებენ. თუმცა, მათივე განცხადებით, „მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ხელისუფლების მიერ შეურაცხყოფისა და ცილისწამების საქმეებში პასუხისმგებლობის მექანიზმების ისეთი ფორმით გამოყენებას, რომელიც გამოხატვის თავისუფლებასა და მედიასაშუალებების კრიტიკულ გამონათქვამებს საფრთხეს უქმნის“.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ცვლილებების მიზანი ადამიანების პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის დაცვის გაძლიერებაა. ამის საპასუხოდ, ორგანიზაციებმა ხელისუფლებას საკითხის სხვა პერსპექტივიდან განხილვისკენ მოუწოდეს.

„არაერთი შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკოსები, მაღალი თანამდებობის პირები და სხვა საჯარო ფიგურები ობიექტურ კრიტიკასაც კი შეურაცხყოფად ან ცილისწამებად აღიქვამენ და სასამართლოს მედიების „დასასჯელად“ მიმართავენ. უფრო მეტიც, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობის პირობებში და იმ შემთხვევებში, როდესაც ზოგიერთი მოსამართლე პოლიტიკურ ელფერს ატარებს გადაწყვეტილებებს, ასეთი განზრახვები შესაძლოა რეალობად იქცეს. არსებითად, ეს კანონპროექტი ხელს უწყობს ამ მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციებმა ასევე აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, კანონპროექტში მითითებულია, თითქოს შეურაცხყოფისა და ცილისწამების ყველა შემთხვევა ავტომატურად არ უნდა იწვევდეს ფულად კომპენსაციას, „არ არსებობს გარანტია, რომ ცვლილებები მედიის ფინანსური ზეწოლის ინსტრუმენტად არ იქცევა“.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.