სააკაშვილის განცხადებებიდან გავიგეთ, რომ სანდრას დაჭერა და საკუთარი თავის გათავისუფლება უნდა - კობახიძე

პუბლიკა

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არ მომისმენია, მაგრამ ინტერნეტში ამონარიდები ვნახე. ერთი, რაც გავიგეთ, არის ის, რომ სანდრას დაჭერა და საკუთარი თავის გათავისუფლება უნდა. ეს არის მთავარი ფაბულა მისი დღევანდელი გამოსვლის“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი კომენტარის წერილობით ვერსიას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არის საკუთარი დანაშაულების თანაგუნდელებზე და ახლა უკვე ოჯახის წევრებზე გადაბრალება.

„ რაც ვნახე ამონარიდებში, არის იმის გაგრძელება, რაც პირველ შემთხვევაში მოვისმინეთ. ეს არის სიცრუის წარმოუდგენელი ტირაჟირება და გადაბრალება საკუთარ თანაგუნდელებზე და ახლა უკვე ოჯახის წევრებზე იმ დანაშაულების, რომლებიც რეალურად მას აქვს ჩადენილი. მას მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და შესაბამისი სასჯელი ეკუთვნის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტს ბრალდების მხარე სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „სანდრას უამრავი ხარჯია, ბავშვებზე საჩუქრები, საწოლის ყიდვა ერთ-ერთი ბავშვისთვის, ბატუტიანი საწოლი არ გეგონოთ, და უამრავი სხვა. სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად ერთ საბრალდებო სკამზე, რადგან ამ ხარჯების მეოთხედი, თუ მეხუთედი სანდრასია, ოღონდ, ვიდრე სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში“.