ტიკარაძე: ფულადი წახალისება უნდა დაგეგმილიყო გაზაფხულზე და ადამიანების საკმაოდ მაღალ რიცხვს გადავარჩენდით

პუბლიკა

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ ვაქცინაციის ტემპზე და 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველოში ლეტალობა ყველაზე მაღალია 60 წელს ზემოთ მოსახლეობაში და ამ ჯგუფში აცრილთა რაოდენობა 30%-ს არ აღემატება. ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის კალენდრის მიხედვით საქართველო, ევროპის ქვეყნების მსგავსად პრიორიტეტულად გეგმავდა 60 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის აცრას.

“მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში ეს ნიშნული 92%, საქართველოში ეს ნიშნული 30 %-ის ფარგლებშია.” – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, 60 წელს ზევით ასაკის მოსახლეობის ასაცრელად ეფექტური იყო ბოლო ღონისძიება, როცა გამოიყენეს მოქალაქეების ფულადი წახალისება და დღეს ოთხჯერ არის გაზრდილი ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის ტემპი.

“მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ღონისძიება დაგეგმილიყო არა გვიან შემოდგომით, არამედ გაზაფხულზე, როდესაც ეროვნული კალენდრით ეკუთვნოდათ ვაქცინაცია ამ ადამიანებს. ეს მოგვცემდა საშუალებას, რომ ის ლეტალობები, რომელიც ჩვენ მთელი ეს პერიოდი გვქონდა აგვეცილებინა და ამ ადამიანების საკმაოდ მაღალ რიცხვს გადავარჩენდით.” – განაცხადა ტიკარაძემ.