ღარიბაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციებზე: არის საკითხები, რომლებსაც ბრიუსელთან გავარკვევთ

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე ისტორიული უწოდა. მისი თქმით, როგორც კი ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას დაიწყებს.

„როგორც კი დაამტკიცებს საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციას, ჩვენ მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან. ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული. არის სხვა საკითხები, რომლებსაც გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს.

მინდა, ჩვენს ხალხს განვუმარტო, ვიცი რომ მოქალაქეების უმეტესობას გარკვეული კითხვები დარჩათ, რატომ აღმოჩნდა უფრო მეტად წახალისებული უკრაინა და მოლდოვა. მოლდოვასა და უკრაინას პერსპექტივასთან დაკავშირებით აქვთ აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი. კომისია მიმართავს ევროპულ საბჭოს, რომ მათ მიენიჭოთ პერსპექტივა და სტატუსი.

რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად, ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია და მოლდოვაც, რომელიც ასევე მძიმე მდგომარეობაშია. ამავდროულად, მათაც სთხოვენ მთელ რიგ რეფორმებს. ჩვენ შემთხვევაში პირიქით არის, ჯერ რეფორმები განვახორციელოთ და ამის შემდეგ საქართველოს მიენიჭება სტატუსი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინა მძიმე ომშია და მოლდოვასაც დიდი ზიანი მიადგა და უსაფრთხოების რისკები გაეზარდა.

„უკრაინა უმძიმეს ვითარებაშია.  20% ტერიტორიების დაკარგულია და ომი გრძელდება. ასევე მოლდოვაც მძიმე მდგომარეობაშია. თუ ვინმე დაზარალდა, ეს მოლდოვაა. მოსაზღვრე სახელმწიფოა და უსაფრთხოების რისკები მნიშვნელოვნად გაეზარდა.

წინა კვირას მე საჯაროდ ვთქვი, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ უკრაინას ამ სტატუსს იმიტომ აძლევენ, რომ ის ომშია. ევროპელი ლიდერები საჯაროდ ადასტურებენ ამ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა ომშია. ჩემს პირად საუბრებში უთქვამთ, რომ მოლდოვაც მძიმე მდგომარეობაშია. ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის და არც მოლდოვის, მინდა მივულოცო ეს წარმატება, ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება“, – თქვა კობახიძემ.