ჯაფარიძე: დღეიდან ორად გავიყავით იმის მიხედვით, თუ ვის აქვს რაღაც ცილა სისხლში და ვის არ აქვს

პუბლიკა

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებას ეხმაურება. მისი შეფასებით, ეს მიდგომა ადამიანების სეგრეგაციაა. „მწვანე პასპორტების“ მიდგომა ევროპის არაერთ ქვეყანაშია დანერგილი.

საქართველოში ყოველდღიურად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 3000 დან 5000-მდე მერყეობს. დღეს ვირუსით 65 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 850 102 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 792 158 გამოჯანმრთელდა, 12 119 კი, გარდაიცვალა.

„დღეიდან ორად გავიყავით იმის მიხედვით, თუ ვის აქვს რაღაც ცილა სისხლში და ვის არ აქვს სისხლში. ცილის მქონეთა ნაწილი, რომელიც ჯამში ქვეყანაში უმცირესობაა, უკრძალავს სისხლში ცილის სავარაუდოდ არ მქონეებს (კაცმა არ იცის), რომლებიც ჯამში ქვეყანაში უმრავლესობაა, რესტორანში შესვლას ისე რომ არაფერს ეკითხება რესტორნის მეპატრონეს ცილა რომ გაქვს, ამის დასადასტურებლად სპეციალური პასპორტი შექმნეს ცილიანების მნიშვნელოვან ნაწილს ეს რეალობა ჰგონია ნორმალური, რადგან ისეთი შეშინებულია რომ ამაზე ბევრად უარესზეცაა წამსვლელი სხვა ადამიანებთან მიმართებაში ცილიანების განსაკუთრებულად გამორჩეულ ნაწილს სჯერა რომ უცილოებს სხვის რესტორანში შესვლის აკრძალვით უბიძგებს გახდეს ცილიანი, რომ ისევ თვითონ იგრძნოს თავი უსაფრთხოდ ცილიანების იგივე ნაწილს, რომელმაც მისცა ლეგიტიმაცია ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების ასეთ გამოყენებას და ადამიანების ასეთ სეგრეგაციას, მერე უკვირს იგივე ხელისუფლება, იგივე ძალაუფლებით რაკამ რომ აყენებს და წელის სულ უფრო ჩაზნექას აიძულებს წლიდან წლამდე.“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

არსებული მონაცემებით, საქართველოში, ზრდასრული მოსახლეობის 35%-ია აცრილი. ვაქცინაცია სწორი არჩევანია COVID-19-გან თავის, ოჯახისა და საზოგადოების დასაცავად. ვაქცინაცია ამცირებს ინფიცირების, ავადობისა და სიკვდილობის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ეპიდსიტუაციის ანალიზის მეშვიდე გადახედვის ანგარიშის მიხედვით, რომელიც მოიცავს პერიოდს 2020 წლის 23 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე. 2021 წლის 15 მარტი-30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან მოყოლებული, 18 წელს ზევით პოპულაციაში რეგისტრირებულია COVID19-ით გარდაცვალების 5 469 შემთხვევა. ამ შემთხვევების 98.96% (5 412) არავაქცინირებული იყო, ხოლო 1.04% (57 ადამიანი) – ვაქცინირებული. 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულთა შორის სიკვდილისაგან დაცვა 99.34%-ია; 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაცია 97.24%-ით იცავს სიკვდილისაგან.