ლონდონში უკრაინის შესახებ გამართული სამიტის დასრულების შემდეგ დირი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 1.6 მლრდ ფუნტის დახმარებას გამოუყოფს.
„ეს ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და უკრაინის გასაძლიერებლად, რათა მშვიდობა უზრუნველვყოთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე. არ შეგვიძლია, მივიღოთ მინსკის შეთანხმების მსგავსი სუსტი შეთანხმება, რომელიც რუსეთს მარტივად შეუძლია, რომ დაარღვიოს’. – თქვა კირ სტარმერმა.
მანვე აღნიშნა გუშინ, 1 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად 2.2 მილიარდ ფუნტს გამოყოფს.
ეს თანხები გაყინული რუსული აქტივებიდან იქნება უზრუნველყოფილი.
გარდა ამისა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე შეთანხმდნენ 4 მნიშვნელოვან ნაბიჯზე:
- „სანამ ომია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება
- ნებისმიერმა განგრძობადმა მშვიდობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება და უკრაინა უნდა იყოს მშვიდობის მოლაპარაკებების ნებისმიერ მაგიდასთან
- სამშვიდობო შეთანხმების დადების შემთხვევაში, ევროპელი ლიდერები მიზნად დაისახავენ, შეაკავონ რუსეთის უკრაინაში შეჭრა მომავალში.
- იქნება „მსურველთა კოალიცია”, რომელიც დაიცავს უკრაინას და იქნება ქვეყანაში მშვიდობის გარანტი”.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „ევროპამ სიმძიმეები უნდა აწიოს”, მაგრამ საჭიროა აშშ-ის მხარდაჭერა.
„ნება მომეცით, განვმარტო, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს გრძელვადიანი მშვიდობ გადაუდებელ აუცილებლობაზე. ახლა ჩვენ შედეგებს ერთად უნდა მივაღწიოთ”. – თქვა მან.
სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ დღევანდელ სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მალე კვლავ შეხვდნენ, რათა „ტემპი შეინარჩუნონ“ და გააგრძელონ მუშაობა საერთო გეგმისკენ.
„ჩვენ დღეს ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ”. – თქვა ბრიტანეთის პრემიერმა. – „არ არის მეტი საუბრის დრო – დროა, ვიმოქმედოთ და გავერთიანდეთ ახალი გეგმის გარშემო სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისთვის”.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის დაძაბული შეხვედრის შესახებ განაცხადა:
„არავის უნდოდა იმის ნახვა, რაც მოხდა, მაგრამ არ მივიღებ, რომ აშშ არასანდო მოკავშირეა”.
მისივე განცხადებით, გეგმა, რომელიც დღეს წარმოადგინა, დონალდ ტრამპთან იქნება განხილული.
„მე გუშინ ღამით ველაპარაკე დონალდ ტრამპს. არ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი, რომ არ მეფიქრა, რომ ეს იყო ის, რაც დადებით შედეგს გამოიღებდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ: უკრაინა, ევროპა, დიდი ბრიტანეთი და აშშ გრძელვადიანი მშვიდობისკენ ერთად ვივლით”. – თქვა სტარმერმა.
კირ სტარმერის პრეს-კონფერენციის პარალელურად დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ X-ზე დაწერა, რომ ქვეყანა უკრაინას საჰაერო თავდაცვის 5000-ზე მეტ რაკეტას მიაწვდის, რათა „ხალხი და ინფრასტრუქტურა დაცული იყოს თავდასხმისგან”.
„შეთანხმება ასახავს დიდი ბრიტანეთის ვალდებულებას უკრაინის მიმართ და შექმნის ასობით სამუშაო ადგილს დიდ ბრიტანეთში”. – წერს უწყება.