1 ივლისამდე ჩამოყალიბდება იმ ქვეყნების წრე, საიდანაც უფრო უსაფრთხოდ ჩამოვიყვანთ ტურისტებს – თურნავა

პუბლიკა

ტურისტებისთვის საზღვრების გახსნაზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. მისი თქმით, 1 ივლისამდე ცნობილი გახდება იმ ქვეყნების სია, საიდანაც უფრო უსაფრთხო იქნება ტურისტების ჩამოყვანა.

„ტურისტების გაიდლაინები შემუშავებული იყო სრულიად ტურისტული ინდუსტრიის ჩართულობით, თუმცა არის მთელი რიგი კითხვები, რომლებზეც ჯერ მსოფლიოშიც არ არის პასუხი, მაგალითად, პირველი ივლისისთვის რომელი ქვეყანა იქნება ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ჩვენთვის. ამ საკითხში არის ცვალებადობა. პირველ ივლისამდე ჩამოყალიბდება იმ ქვეყნების წრე, საიდანაც ჩვენ შევძლებთ უფრო უსაფრთხოდ ჩამოვიყვანოთ უცხოელი ტურისტები.“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

დღეს ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმაც. მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია, ზოგიერთ ქვეყანასთან ტურისტებისთვის საზღვრები ჯერ ვერ გაიხსნას, რადგან იმ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური ვითარება შეიცვალა.