10 დღეა ახალი პაციენტი არ მიგვიღია, სავარუდოდ, მალე გადავალთ ჩვეულ რეჟიმში - რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი მკურნალობს, მათგან მხოლოდ ერთი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. რატიანის თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„ამჟამად კლინიკაში ყველაზე ცოტა – 28 კოვიდინფიცირებული გვყავს. რაც ძალიან გვახარებს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ერთი გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელიც იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ტრაქეოსტომაზია, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე, წინა პერიოდთან შედარებით დადებით დინამიკაშია.  ჩვენი პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან თერაპიულ განყოფილებაში, მათთან პათლოგიური ცვლილებები არ ვლინდება“.

ლევან რატიანის თქმით, კლინიკიდან გაეწერა 2 პაციენტი. მან აღნიშნა, რომ კლინიკას 10 დღეა ახალი პაციენტი არ მიუღია და, სავარაუდოდ, მალე საავადმყოფო ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

„ვაკვირდებით და ველოდებით პროტოკოლის მიხედვით განმეორებითი ტესტების ჩატარებას. იმედია რამდენიმე დღეში ყველა ეს პაციენტი დატოვებს კლინიკას.  საბედნიეროდ, არცერთი ახალი პაციენტი ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩვენს კლინიკას არ მიუღია.

ჩვენი კლინიკა, სავარაუდოდ, მალე გადავა ჩვეულ რეჟიმში“, – განაცხადა რატიანმა.


stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 701 გახდა.

7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ამ ეტაპისთვის მათი რიცხვი 432-ია.

  • გარდაცვლილია – 12;
  • კარანტინის რეჟიმშია – 3 890;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 357;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.