100 პროპორციულით, 50 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი – „ოცნების“ ახალი ინიციატივა

პუბლიკა

პარლამენტის  თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პარტიაში შედგა შეთანხმება და შერეული სისტემა ყველაზე მისაღებია ქვეყნისთვის.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პროპორციულად ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა გაიზრდება მაჟორიტარული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობის შემცირების ხარჯზე.  ის მოუწოდებს ოპონენტებს, ამ ინიციატივის ერთობლივი განხილვისკენ.

კერძოდ, მისი თქმით, ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით აირჩევა 100 დეპუტატი, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-დე შემცირდება. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში იქნება 100 პროპორციული მანდატი, თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი.

„ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის, პოლიტიკურ კლასში პოლარიზაციის ხარისხისა და კომპრომისების პოვნის ტრადიციის დეფიციტის გათვალისწინებით, სრულად პროპორციულ სოსტემას ნამდვილად ახლავს  სახელისუფლებო კრიზისი და ქვეყნის დესტაბილიზაციის  მაღალი რისკი.

მიგვაჩვნია,  რომ შექმნილ ვითარებაში როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორების გათვალისწინებით, საუკეთესო შერეული საარცევნო მოდელი იქნება.

აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს მაჟორიტარების წილსაც, თუმცა გაცილებით ჭარბობს პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა

„ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ამ ინიციატივით, პროპორციულად ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა მაჟიორიტართა რაოდენობის შემცირების ხარჯზე ორ მესამედამდე იზრდება, რაც არის მნიშვნელოვანი ცვლილება. სწორედ მეტი პროპორციულობა იყო საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციაც.

მივმართავ პოლიტიკურ სპექტრს, სწრაფად მივაღწიოთ კონსენსუსს და დავასრულოთ ამ საკითხთან დაკავშირებით ვნებათაღელვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.