100 საპრივატიზაციო ობიექტის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება – თურნავა

პუბლიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ  ნოემბრის ბოლოს ერთდროულად 100 საპრივატიზაციო ობიექტი გავა აუქციონებზე.

როგორც მინისტრი ამბობს, ეკონომიკის სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზაციო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ პრეზენტაციას ხვალ გამართავს.

„ამ რაოდენობის პარალელური აუქციონი საქართველოში არასოდეს გამართულა. ჯამში, საუბარია 150 მლნ. ლარის საწყისი საპრივატიზაციო ღირებულების მქონე ქონების შეთავაზებაზე. ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, ძალიან მარტივად მიიღოს სრული ინფორმაცია საპრივატიზაციო ქონებაზე, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდება და ჩაერთოს ასეთი მასშტაბური პრივატიზების პროცესში“, – განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს შეთავაზება უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, რადგან დაგეგმილია 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად გამართვა. ამის მიზანი კი ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობაა.