„ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც რომ არ ღირს, არაუშავს?“ - სააკაშვილი წულუკიანზე

პუბლიკა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება კულტურის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, სადაც თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ „გალიაში მჯდომი ბელადი კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს“:

„დღეს წულუკიანმა გამოაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ (ყველაფერი ჰილარი კლინტონის დალეულ „რედ ბულამდე“ დავიდა, ეტყობა „რედ ბული“ განსაკუთრებით მომაკვდინებელია სახელმწიფო მდივნებისთვის), თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ.

ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც რომ არ ღირს, არაუშავს? მე სწორედ იმაზე ვისაუბრე, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა სანდრამ. ის მუდმივად შერჩება საქართველოსა და ევროპის ისტორიას, ეს არარაობები კი სულ მალე დაგვავიწყდება, როგორც ცუდი სიზმარი“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.


დღეს, საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს უსმენდნენ.

„ის, ვინც აუპატიურებდა პატიმრებს, არის გამაუპატიურებელი; ის, ვინც კლავდა, არის მკვლელი და აშ. ერთ-ერთი ახლა გალიიდან გველაპარაკება.  ეს სიძულვილის ენაა, ალბათ, მაგრამ ვერ ვხედავ ამაში ვერავითარ პრობლემას, ქალბატონო სალომე… ირაკლი ალასანია კაცის მკვლელი არ ყოფილა არასდროს, მაგრამ თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი,  რომელსაც ბრიუსელში იცავდით, კაცისმკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს“, – მიმართა თეა წულუკიანმა დეპუტატ სალომე სამადაშვილს, რომელმაც წულუკიანს ირაკლი ალასანიას პარტიაში ყოფნა შეახსენა.