11 ახალი შემთხვევიდან ათი ბოლნისს უკავშირდება - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 10 ბოლნისს უკავშირდება, ერთის ინფიცირების წყაროს მოძიება კი მიმდინარეობს.

ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს ახალი პაციენტები არ ჰყავს. ამასთან, კოვიდ-ცენტრებში ამჟამად 355 პაციენტი მკურნალობს.

გუშინ დილის მონაცემებით, გვყავდა 593 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა – 11. დღეს დილისთვის არის – 604 დადასტურებული შემთხვევა.

11 პაციენტიდან 10 არის ბოლნისის წყაროდან, ერთის წყაროს მოძიება ახლა გრძელდება. გამოჯანმრთელებული გვყავდა 223 პაციენტი, დაემატა – 17 და გვყავს 240 პაციენტი გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემების შეჯამებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს, კოვიდცენტრებში 355 პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ინფექციურ კლინიკაში 57 პაციენტი წევს და 54 დადასტურებული შემთხვევაა. 3 შესაძლო შემთხვევაა.  მიმდინარეობს ამ პაციენტების კვლევა.

„კრიტიკული პაციენტის მდგომარეობას რაც შეეხება, შეიძლება ვთქვათ, რომ კლინიკურად სტაბილიზაციაა, თუმცა გაფართოებული კვლევის დინამიკით მდგომარეობა გაურესებულია. აქედან გამომდინარე ჯერ იმის თქმა, რომ ამ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, ნაადრევია. ამას რამდენიმე დღის შემდეგ ვიტყვით. ჯერ კრიტიკულია და დასტაბილურებას არ ემორჩილება. დანარჩენი 7 მძიმე პაციენტის მდგომარეობა მძიმე პნევმონიით სტაბილურია და რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილურობის შენარჩუნება გვეუბნება, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

5 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11-ით გაიზარდა. გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.  მონაცემები რამდენიმე წუთის წინ StopCov.ge-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები კი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 604;
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 240;
  •  გარდაცვლილი – 9;
  • კარანტინის რეჟიმში – 4887;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები