ქვეყნისათვის ვისურვებდი, რომ ამ წელსვე შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა და აზრების გაზიარება - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რა მოვულოცოთ ჩვენს თავს?“- კითხულობდა 124 წლის წინ ილია და დღესაც მინდება იგივე კითხვის დასმა… ილიასი არ იყოს ქვეყანა დგას უზარმაზარი თხრილის წინ, „და საკმაოა ხელი გვკრან და გადავიჩეხებით“, – ასე დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვა.

მიმართვის დროს პრეზიდენტმა ბავშვების წერილები და საახალწლო სურვილები წაიკითხა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მათ ეს სურვილები შეუსრულდათ, „მაგრამ ბევრ სხვას ვერა და კიდევ მეტს ვერც შევუსრულებთ დიდხანს“, – აღნიშნა მან.

„ოღონდ ილიას წუხილი უცოდინრობა, შრომის ნაკლებობა, მიზნის დაკარგვა თუ იყო… ჩვენ დღეს უარესი გვჭირს… ერთმანეთი დავკარგეთ, ერთმანეთს ვეჯიკავებით ამ თხრილისკენ, მტერიც აღარ გვჭირდება რომ ხელი გვკრას, მის საქმეს ჩვენვე ვაკეთებთ და ერთმნეთს ვკრავთ ხელს.

უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლემჭვრეტელი ხედვა, სამაგიეროდ, გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები!

ამ დღეებში ჩემი მთელი ძალისხმევა და რასაც მომავალ წელსაც გავაგრძელებ (და სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, რამეთუ ამ თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ვარ) მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა თუ გზები მოვნახოთ. მოვახერხოთ ის, რომ ერთმანეთის მოსმენითა და საუბრით და არა შუღლით მოვახერხოთ ამ ქვეყნის გადარჩენა. ჩემი ამოცანაც ესაა – ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა.

არა როგორც ზოგზოგიერთი ავრცელებს, რომ ვითომც ეს ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლებისთვის კეთდება – არა! არა იმისთვის, რომ ვიღაცისთვის და ვიღაცასთან შერიგება მოვახერხო – არა!

ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა და ერთმანეთთან შევთანხმდეთ იმ რაღაცებზე, რაც ამ ქვეყანას ააშენებს, რაც ამ ქვეყანას არა თუ გადაარჩენს, მაგრამ მოგვცემს საშუალებას, რომ ხვალინდელ ანას და სხვებს არა თუ შევუსრულოთ სურვილები, არამედ მომავალ წელს და შემდეგ წლებში არასოდეს ვთქვათ: – რით გაგახაროთ?

გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს! ამ ქვეყნისათვის კი ვისურვებდი, რომ ამ წელსვე შევძლოთ ამ დიდი სურვილის ასრულება, შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, შევძლოთ ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება! მე იმედიანად ვარ, რადგან ამ დღეებში ერთი რამ მაინც დავამტკიცეთ, რომ ყველას შეუძლია ამ სასახლეში მოსვლა, ამ სასახლეში დაჯდომა და ერთმანეთთან საუბარი! გილოცავთ დღევანდელ დღეს!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.