119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

პუბლიკა

თბილისის 119-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დილიდან შეჩერებულია.  მასწავლებლები და მშობლები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.

თავად სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თეა ბრეგვაძე მიიჩნევს, რომ  სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ის ამბობს, რომ გლდანში ენმ-ის წარდგენილი  კანდიდატის ნათესავია და მას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერით ანაცვლებენ.

„დიახ, ზუსტადაც, ეს უკავშირდება მოახლოებულ მეორე ტურს, მე გახლავართ გლდანის რაიონის გამგეობის კანდიდატის დეიდა, რომელიც წარადგინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მოვალეობის შემსრულებლად ამ ეტაპზე უშვებენ პიროვნებას, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.

მეც და ის პიროვნებაც, რომელმაც უნდა გააგრძელოს დღეიდან მოვალეობის შესრულება, ვაკმაყოფილებთ ერთსა და იმავე მოთხოვნებს. მებადება კითხვა, რატომ მიწყდება მე უფლებამოსილება და რატომ უგრძელდება მას, როცა ვაკმაყოფილებთ ერთსა და იმავე მოთხოვნებს.

ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს, რომ მოვიდოდა დირექტორი. მოლოდინი ყოველთვის გვქონდა და ველოდებოდით გამოცდაჩაბარებულ, სერტიფიცირებულ კონკურსგავლილ დირექტორს”, – ამბობს „ფორმულას“ ეთერში თანამდებობიდან გათავისუფლებული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თეა ბრეგვაძე.

ბრეგვაძე განმარტავს, რომ ერთი წლის წინ მოხსნეს სკოლის დირექტორი და მოვალეობის შემსრულებლად ის დანიშნეს.

„როდესაც ვიკითხე  -რატომ, პასუხი ვერ მივიღეთ. გვინდოდა ჩავძიებოდით, მაგრამ თავად დირექტორმა არ მოისურვა, რომ გაგვეგრძელებინა ამაზე დავა და შიდა ბრძანებით დავინიშნე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 1 წელი ვასრულებდი მოვალეობას. და გუშინ, საარჩევნოდ აღმოჩნდა, რომ ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იგზავნება ამ სკოლაში. უბრალოდ მიჩნდება კითხვა – რატომ?“, – ამბობს ბრეგვაძე.

ენმ-ის კანდიდატმა გლდანის რაიონში, თენგიზ გიორგაძემ „მთავარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ბრეგვაძის გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.  „ქართულ ოცნებას“ აწუხებდა, რომ 119-ე საჯარო სკოლის დირექტორი იყო მათთვის დაუმორჩილებელი, არ ასრულებდა მათ დავალებებს.

„გუშინ იყო აქცია „ქართული ოცნების“. მიჰყავდათ სკოლის და ბაღის თანამშრომლები. ეს ვერ გაკეთდა აღნიშნულ საჯარო სკოლაში, ეს აწუხებდათ მუდმივად მათ.

ეს გაშუქდა ერთი წლის წინაც „მელაძის შაბათში“. მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მე ვიყავი ამ ზონის ხელმძღვანელი და თეა ბრეგვაძეს ჰყავდა ზეგავლენის ქვეშ მოქცეული დირექტორი, ანუ პოლიტიკურ დავალებებს თუ იღებდა, ის ვერ ახორციელებდა, რადგან თეა ბრეგვაძე მართავდა რეალურად სკოლას, ეს იყო მიზეზი, შეასრულეს. ყოველ შემთხვევაში ამას ცდილობენ, რომ თეა ბრეგვაძე აღარ იყოს ამ სკოლის ხელმძღვანელი და ჰყავდეთ ის ადამიანი, რომელიც მათ დაკრულზე იცეკვებს და მარტივად შეუსრულებს დავალებებს“, – ამბობს გიორგაძე.

„პუბლიკა“ მომხდართან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით განათლების სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს, პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ სამინისტროს პოზიციას.