ავსტრალიამ ჯოკოვიჩს აუცრელობის გამო ვიზა მეორედ გაუუქმა

პუბლიკა

მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს, Australian Open-ის 9-გზის გამარჯვებულს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელობის გამო, ავსტრალიამ ზედიზედ მეორედ გაუუქმა ვიზა.

როგორც BBC იუწყება, იმიგრაციის მინისტრის, ალექს ჰოუკის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ სერბ სპორტსმენს ახლა დეპორტაცია ემუქრება, თუმცა ჯოკოვიჩს კვლავ შეუძლია ქვეყანაში დასარჩენად სამართლებრივი დავა კიდევ ერთხელ წამოიწყოს.

„დღეს მე გამოვიყენე ჩემი უფლებამოსილება – გავაუქმე ვიზა, რომელსაც ბ-ნი ნოვაკ ჯოკოვიჩი ფლობდა. ასეთი გადაწყვეტილება საზოგადოების ინტერესების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საფუძველზე მივიღე“, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

34 წლის სპორტსმენის გამოსვლა Australian Open-ზე ორშაბათს, 17 იანვარს იყო დაგეგმილი. BBC-ის ცნობითვე, მინისტრის გადაწყვეტილება შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ახალი ვიზის მისაღებად სამწლიანი აკრძალვა ემუქრება.


5 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობისთვის ქვეყანაში ჩასულ ჯოკოვიჩს აუცრელობის გამო სასაზღვრო პოლიციამ ვიზა გაუუქმა და ქვეყანაში არ შეუშვა. ჩოგბურთელი საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში გადაიყვანეს.

ჯოკოვიჩმა სასაზღვრო პოლიციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლო დავაში გაიმარჯვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მესაზღვრის გადაწყვეტილება ვიზის გაუქმებაზე არაგონივრული იყო.

ასევე, რამდენიმე დღის წინ მან დაადასტურა, რომ გასულ თვეს Covid-19-ის დადასტურების შემდეგ იზოლაციის წესები დაარღვია. Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯოკოვიჩი წერდა, რომ 16 დეკემბერს Covid-19-ის დადასტურებიდან ორ დღეში ჟურნალისტს ინტერვიუსთვის შეხვდა.

LB loan image desktop LB loan image mobile