12 ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, შეიწყალოს ნიკა გვარამია

პუბლიკა

12 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, შეიწყალოს ნიკა გვარამია. შესაბამისი დოკუმენტი ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ გაასაჯაროვა.

ხელმომწერთა შორის არიან ანდრიას კუბილუსი, მირიამ ლექსმანი, რაფაელ გლუკსმანი, რასა იუკნევიჩი და სხვები.

„ამიტომ მოგმართავთ მოწოდებით, განიხილოთ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, რათა ბატონი გვარამია გათავისუფლდეს ციხიდან. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ იკისრებთ ლიდერობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანთან დაახლოების საქმეში”, – წერია ევროპარლამენტარების წერილში.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლით, ორ ეპიზოდში: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტლებით, სასჯელის ზომა – 3 წელი და 6 თვე, ძალაში დარჩა, თუმცა საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, საპატიმრო სასჯელი გვარამიას ერთი ეპიზოდის ნაცვლად, ორ ეპიზოდზე მიესაჯა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ კვლავ გააქტიურდა დისკუსია პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. მედიის ადვოკატირების კოალიციამ, ისევე როგორც სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ.