ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, უმრავლესობა მიმდინარე კვირიდან 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად კონკრეტულ აქტივობებს დაიწყებს.
კერძოდ, მისი თქმით, 7 ივლისს დაგეგმილია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, რომელზეც მოწვეულნი არიან ყველა ოპოზიციური პარტიისა და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები.
სხდომაზე პირველადად განიხილავენ იმ მექანიზმებს, რომელიც საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასთან არის დაკავშირებული და ასევე რეგლამენტში შესაძლო ცვლილებებს.
მიქანაძის ინფორმაციით, ამავე დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვდებიან უმრავლესობა და ოპოზიცია დეპოლარიზაციის სამუშაო ჯგუფის შექმნის კონსულტაციებისთვის.
11 ივლისს კი დაგეგმილია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელმაც განხორციელებული რეფორმები უნდა შეაფასოს და შემდგომ საქმიანობაზე პოზიციები შეაჯეროს.
„იმისთვის რომ ჩვენ საშემოდგომო სესიისთვის მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ და პოზიციები იყოს შეჯერებული, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ივლისი და აგვისტო სამუშაო ჯგუფების ფორმატში, გამოყენებული იყოს ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების პროცესებში მაქსიმალურად ჩართვისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ და უკვე საშემოდგომო სესიაზე, კონკრეტული ვადების გათვალისწინებით, ყველაფერი განვახორციელოთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მმართველ გუნდში ამ საკითხების მიმართ მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა მიქანაძემ.
ოპოზიციის ხედვით, „ოცნების“ გეგმა დროის გაჭიანურების მცდელობაა და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, სხვადასხვა ინიციატივასა და კანონპროექტზე მუშაობა. მათი პოზიციით, ასევე, რიგგარეშე სესიის მოწვევაა საჭირო.