ოპოზიციას 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობისთვის რიგგარეშე სესიის მოწვევის გეგმაც აქვს

პუბლიკა

როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის მიერ შემუშავებული 12 რეკომენდაცია – ამ საკითხზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა გეგმა, როგორ აპირებს რეფორმების გატარებას. გეგმა, ძირითადად, კომიტეტებთან სამუშაო ჯგუფების ფორმატში კანონპროექტების შემუშავებას ითვალისწინებს.

ოპოზიციის ხედვით კი, „ოცნების“ გეგმა დროის გაჭიანურების მცდელობაა და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, სხვადასხვა ინიციატივასა და კანონპროექტზე მუშაობა. მათი პოზიციით, ასევე, რიგგარეშე სესიის მოწვევაა საჭირო.

გუშინ, 4 ივლისს საპარლამენტო ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში წარმოადგენენ რიგგარეშე სესიის დღის წესრიგს, რომელიც მოიცავს ისეთ კონკრეტულ საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებები.

„რესპუბლიკელების“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განმარტა, რომ რიგგარეშე სესიის მოსაწვევად საჭიროა საქართველოს პრეზიდენტთან თანამშრომლობა.

„მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებები არის თავიდან ბოლომდე შეთანხმებული და პირველი მოსმენით მას კენჭი ეყარა, დარეგისტრირებულია ანტიკორუფციული კანონპროექტი, კონკურსია გამოსაცხადებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, ამ საკითხებს არ ჭირდება კომისია და სექტემბრისთვის გადადება. ამ საკითხების მიხედვით უნდა შეიქმნას დღის წესრიგი რიგგარეშე სესიისთვის, რასაც დასჭირდება პრეზიდენტთანაც კონსულტაციები, ამას ხელს შეუწყობს სამუშაო შეხვედრები“, – განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია დეპოლარიზაციისთვის ოპოზიციის აქტიურობა.

პრეზიდენტთან კონსულტაციების აუცილებლობაზე საუბრობს „მოქალაქეების“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანიც.

„ვფიქრობ, [რიგგარეშე სხდომას] იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ ცვლილებები უნდა იქნას მიღებული. უბრალოდ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა, რომელსაც არაფერი მოჰყვება, არაფრის მომცემი იქნება. გარდა ამისა, საჭიროა წინასწარ კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან, რადგან მან უნდა ჩანიშნოს ეს სხდომა,“ – განაცხადა იოსელიანმა.

ლევან იოსელიანი და „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ფიქრობენ, რომ ოპოზიციამ „ოცნების“ შემოთავაზებულ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

„ჩვენ ყველგან მივიღებთ მონაწილეობას მინიმუმ იმისთვის, რომ დავინახოთ, რა პროცესია ეს და „ქართულ ოცნებას“ არ ვათქმევინოთ, რომ რაღაც გვქონდა შეთავაზებული და ოპოზიციამ ხელი გვიკრა, პარალელურ რეჟიმში ველაპარაკებით ოპოზიციას იმაზე, თუ რა იქნება მათი აზრით პოლარიზაციის დამამთავრებელი, როდის შეწყვეტს ჩხუბს, რა უნდა გააკეთოს ამისთვის ხელისუფლებამ და რა უნდა მოხდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი სამუშაო ჯგუფის თუ კომიტეტის ფორმატში ოპოზიციასთან სამუშაოდ მზად არის. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომის მოწვევას, მან ოპონენტებს რეგლამენტზე მიუთითა:

„იმდენად გაზარმაცდნენ, სამუშაო ჯგუფებში და პარლამენტში სიარული აღარ უნდათ, თუ სესია არ ჩატარდა. სესიების შორის პერიოდში საპარლამენტო არდადეგები რომ ცხადდება, ეს პირადი არდადეგები არ არის, უნდა მოვიდნენ, იმუშაონ.

ის საკითხები, რაზეც საუბრობენ და უნდათ მოიწვიონ რიგგარეშე სესია, ჯერ კომიტეტზეა გასატანი, ამათ რატომღაც წარმოუდგენიათ, რომ ქუჩიდან კანონპროექტი პირდაპირ სესიაზე შედის, ეს ასე არ არის. ბევრი ეტაპია, სანამ სესიაზე გავა კანონპროექტი, საპარლამენტო ოპოზიციამ ეს კარგად უნდა იცოდეს, რომ როცა სამუშაო პროცესში დაანახებ საზოგადოებას, რომ მზად ხარ, ამის შემდეგ შეიძლება იზრუნო სესიაზე“, – განაცხადა მან.

როგორ აწესრიგებს პარლამენტის რეგლამენტი და კონსტიტუცია რიგგარეშე სხდომის მოწვევას

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის ან მთავრობის მოთხოვნით პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში.

რეგლამენტის 127-ე მუხლის თანახმად, რიგგარეშე სესიის მოწვევის წერილობით თხოვნას თან უნდა ერთვოდეს რიგგარეშე სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა.

მას შემდეგ, რაც ოპოზიცია რიგგარეშე სესიაზე განსახილველ საკითხთა დღის წესრიგს შეიმუშავებს, პრეზიდენტთან შეხვედრას და სესიის მოწვევის აუცილებლობაში დარწმუნებას შეეცდება.