12 რეკომენდაციიდან თქვენ შეასრულეთ 3 მათგანი და დანარჩენი 9 შესასრულებელია - ბორელი

პუბლიკა

„ამოცანები არის მკაფიოდ გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ ეს ჩვენს დასკვნაში, ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ სამი მათგანი და დანარჩენი 9 პროცესშია, შესასრულებელია, თუმცა დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად“,– ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა უნდა იქნას აქცენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისათვის ერთად უნდა იმუშაოთ, იმიტომ რომ შემდეგი ნაბიჯები ევროპეიზაციის გაზაზე დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე და მიღწეულ შედეგზე. შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალებით, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად.

ამოცანები არის მკაფიოდ გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ ეს ჩვენს დასკვნაში, ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ სამი მათგანი და დანარჩენი 9 პროცესშია, შესასრულებელია, თუმცა დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად.

უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია პოლიტიკური ლანდშაფტის, დეოლოგარქიზაცია ეკონომკიური , პოლიტიკური და სოციალური სფეროების, სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. მოკლე გზა ამის მისაღწევად არ არსებობს, ყველაფერს სჭირდება გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობებისადმი“,- განაცხადა ბორელმა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოში 7 სექტემბერს ჩამოვიდა.

დღეს ჯოზეფ ბორელი პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც საკანონმდებლო ორგანოში მყოფ ყველა პარტიული ფრაქციისა და ჯგუფის წარმომადგენელს შეხვდა.

ბორელი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.