12 საათისთვის შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა 12,2% გამოცხადდა

პუბლიკა

12:00 საათისთვის, შუალედურ არჩევნებზე 19 610 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 12,2%-ია, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით,  ბათუმში 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მივიდა 3 872 ამომრჩეველი (18,8%); ხოლო რუსთავსა და გარდაბანში – 15 738 (11,2%).

„რაც შეეხება 89-ე უბანზე განვითარებულ მოვლენებს – პირველ რიგში ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრული დატვირთვით ემზადებოდა 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის და რადგან ვერიფიკაციის აპარატს საუბნო საარჩევნო კომისიები პირველად იყენებენ, ყველა შესაძლო ხარვეზი წინასწარ გათვალისწინებული და დაზღვეული იყო. 89-ე საარჩევნო უბანზეც სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე – ვერიფიკაციის ერთი აპარატი ამომრჩეველთა ერთიანი სიის ნაბეჭდი ვერსიით ჩანაცვლდა, ამომრჩეველთა იდენტიფიცირება კანონით დადგენილი პროცედურებით გრძელდება და საარჩევნო პროცესს ხელი არ ეშლება“, – თქვა იოსელიანმა.