შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1966 წელს დაბადებული პირი, რომელსაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედება ედება ბრალად. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ., შვილის სახელით დარეგისტრირებული სოციალური ქსელების – „ფეისბუქის“ და „კონტაქტის“ საშუალებით სისტემატიურად უკავშირდებოდა უცხოეთში მცხოვრებ 12 წლის გოგონას და გარყვნილი ხასიათის შემცველ შეტყობინებებს, ვიდეო და ფოტომასალას უგზავნიდა. დადგენილია ასევე, რომ გოგონასთან სექსუალური ცხოვრების შესახებ მიმოწერას ბრალდებული 2 წლის განმავლობაში აწარმოებდა, რითაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას წინასწარი შეცნობით სჩადიოდა”, – წერია შსს-ის განცხადებაში.
უწყების ცნობით, პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ტელეფონები და კომპიუტერები, სადაც, მათი თქმით, ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები არის დაფიქსირებული.