გაიზარდა ბავშვთა მიმართ ონლაინ სექსუალური ძალადობის შემთხვევები - ევროპოლი

ევროპოლის (ევროპის პოლიციის სამსახური) ინფორმაციით, Covid-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბავშვთა მიმართ ონლაინ სექსუალური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა.

კიბერდანაშაული განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მსოფლიოში ადამიანთა უმრავლესობას მუშაობა, შოპინგი, სწავლა და ა.შ. ინტერნეტის გამოყენებით უწევს.

„ყველაზე მეტად აღმაშფოთებელია ონლაინაქტივობის გაზრდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემცველ მასალას ეძებენ“, –  განაცხადა ევროპოლის დირექტორმა, კატრინ დე ბოლმა.

დე ბოლის განცხადებით, პედოფილური აქტივობის ზრდის შესახებ ცნობები უკვე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ოფიციალურმა უწყებებმა წარმოადგინეს.

იმის პარალელურად, რომ საკარანტინო რეჟიმის პირობებში ბავშვთა უმეტესობა სასწავლო კურსს ონლაინ გაკვეთილებით გადის, სექსუალური მოძალადეები ცდილობენ, ბავშვთა მხრიდან ინტერნეტზე მზარდი წვდომა სათავისოდ გამოიყენონ.

„ველოდებით, რომ სიტუაცია ბევრად უფრო ცხადი გახდება მას შემდეგ, რაც მოსწავლეები სკოლებში დაბრუნდებიან და მასწავლებლებთან საუბრის შესაძლებლობა მიეცემათ“ , – განაცხადა დე ბოლმა.

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სკოლები კვლავ დახურულია ახალი კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების პრევენციის მიზნით.