თამაზაშვილი: „ის თამაშრომელი, რომელიც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებაზე იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული დაკონტრაქტებული კერძო კომპანია

პუბლიკა

შს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

თამაზაშვილი ამბობს, რომ თურქ კოლეგას გუშინდელი სატელეფონო საუბრისას განუმარტა, რომ პალესტინის დროშის ჩამოხსნა არ იყო ქართული მხარის ინიციატივა და „UEFA-ს დელეგატმა მიუთითა, რომ შეთანხმებისამებრ ეს [დროშა] უნდა აეღოთ“.

 „დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით იკითხა, თუ რატომ გახდა ამისი აუცილებლობა, ვუპასუხე მე რომ ეს არ იყო ჩვენი მხარის… კადრებშიც ჩანს სახელმწიფოს წარმომადგენელი არ მიდის… ეს არის მოწესრიგებული კანონის მიერ, ისეთი შინაარსის ბანერები მათ შორის დროშები, რომლებმაც შესაძლოა სპორტული ღონისძიების დროს გამოიწვიოს მღელვარება და დაძაბულობა იკრძალება.

UEFA-ს წარმომადგენელი სტადიონზე იმყოფებოდა და ყველა საერთაშორისო მატჩის წინ ტარდება წინა მატჩის თათბირი. ამ თათბირზე განიხილება მსგავსი ტიპის საკითხები, მათ შორის განხილული იყო ეს საკითხიც და UEFA-ს წარმომადგენლების მხრიდან იყო რეკომენდებული. მოთხოვნა იყო, რომ გარდა თურქეთის სახელმწიფო დროშისა, ისრაელის სახელმწიფო დროშისა და საქართველოს სახელმწიფო დროშისა.

რადგან საქართველოში იყო თამაში, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკები არ უნდა გამოყენებულიყო, აი ეს პირობა იყო ამ შემთხვევაში დარღვევაც და UEFA-ს დელეგატმა მიუთითა, რომ შეთანხმებისამებრ ეს უნდა აეღოთ. ის რომელიღაცამ, ვინც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებაზე იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული დაკონტრაქტებული კერძო კომპანია, რომელსაც ევალებოდა ეს ქმედება“, – განმარტა თამაზაშვილმა.

გუშინ ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის” გულშემატკივრებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება იყო მატჩის დაწყებამდეც. შსს-ს ცნობით მომხდართან დაკავშირებით დააკავეს 16 ადამიანი, დაშავდა 3 პოლიციელი.

მომხდარს კრიტიკული შეფასებებით გამოეხმაურნენ თურქული მხარის წარმომადგენლები. თურქულ მედიაში ასევე გავრცელდა შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილისა და თურქ კოლეგას მუსტაფა ჩიფთჩის სატელეფონო საუბრის ვიდეოჩანაწერი. მათივე ცნობით, ჩიფთჩიმ შეშფოთება გამოთქვა თურქი გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო და თურქეთში მათი უსაფრთხო დაბრუნების მიზნით შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.