ევროკავშირის ლიდერებმა 2028-2034 წლების გრძელვადიან ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მოლაპარაკებები დეკემბრამდე გადადეს. 26 ნოემბერს ბრიუსელში გამართული 12-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებები პროტესტის ნიშნად დატოვა შვიდმა ქვეყანამ: გერმანიამ, ნიდერლანდებმა, დანიამ, შვედეთმა, ფინეთმა, ავსტრიამ და ბელგიამ.
უთანხმოების მთავარი მიზეზი ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის მოცულობა და თანხების განაწილებაა. საფრანგეთი და იტალია უფრო დიდი ბიუჯეტის დამტკიცებას ემხრობიან, გერმანია და კიდევ ექვსი ქვეყანა კი ხარჯების შემცირებას მოითხოვენ.
ევროპული მედიის ცნობით, ბიუჯეტზე შეთანხმების მიუღწევლობა მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მოულოდნელი იყო რამდენიმე ქვეყნის პროტესტი და მოლაპარაკებების ბოიკოტი. ბიუჯეტის შემცირების მომხრე შვიდმა სახელმწიფომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიერ შეთავაზებულ მცირე ჯგუფებში დისკუსიის ფორმატშიც კი მონაწილეობაზე უარი თქვა.
დღის განმავლობაში ევროკავშირის ლიდერები მცირე ჯგუფებად დაიყვნენ და მოლაპარაკებებს ამ ფორმატში აგრძელებდნენ. ორ ძირითად ბანაკს: ბიუჯეტის შემცირების მომხრე შვიდ ქვეყანასა და უფრო დიდი ბიუჯეტის მხარდამჭერ 17 სახელმწიფოს საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდა, რომლებიც კოშტასთან პოზიციებს ათანხმებდნენ. პირველ ჯგუფს დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი წარმოადგენდა, მეორეს კი – იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი და რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი.
თუმცა, მოლაპარაკებების ამ შედარებით ახალმა ფორმატმა მხარეები შეთანხმებასთან ვერ დააახლოვა.
„არავის აუხსნია, რატომ ვიკრიბებოდით ამ ჯგუფებში ან როგორ უნდა ემუშავათ მათ“, – განუცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა Politico-ს.
სხვა დიპლომატმა ფორმატს „უცნაური“ უწოდა და აღნიშნა, რომ კოშტას ალტერნატიული ვარიანტები არ შეუთავაზებია. შვიდი ქვეყნიდან ერთ-ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელმა კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნების ერთმანეთისგან გათიშვის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ პრინციპული პოზიციის გამო ჯგუფურ შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. კიდევ ერთმა დიპლომატმა Politico-ს ჟურნალისტს უთხრა, რომ ამ ინიციატივის შემდეგ კოშტამ მათი ქვეყნის ნდობა მთლიანად დაკარგა.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ ევროკავშირის ლიდერები თითქოს სხვადასხვა „პლანეტაზე“ არიან. მალტის პრემიერ-მინისტრმა რობერტ აბელამ მოლაპარაკებებს „რთული“ უწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი დიპლომატი დაპირისპირების გამწვავებას პროგნოზირებდა, სამიტზე მწვავე კონფლიქტი არ მომხდარა. ევროკავშირის ოფიციალური პირის განცხადებით, ლიდერებმა უბრალოდ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები, რის შემდეგაც ზოგიერთმა მათგანმა ჯგუფურ შეხვედრებში მონაწილეობა შეწყვიტა.
„დღეს რეალურად არაფერი მომხდარა“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნაკლებად ამბიციური ბიუჯეტის მიღებით ევროპა „სტრატეგიულ შეცდომას“ უშვებს. მან ასევე გააკრიტიკა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო ფავორიტი მარინ ლე პენი, რომელმაც სამიტზე მიმდინარე მოლაპარაკებები უარყოფითად შეაფასა.
ევროკავშირის ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა უკრაინისთვის დამატებით 45 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაზეც, რომელიც სამხედრო და არასამხედრო დახმარებისთვის უნდა გამოიყენონ. სესხის გაცემას სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან. გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის დახმარებას ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.
„ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ უკრაინის დახმარებას მთლიანად ევროკავშირი უნდა უჭერდეს მხარს. ევროკავშირი 27 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და არა 23-ის ან 24-ისგან“, – განაცხადა მერცმა.
ბულგარეთმა, რომელიც მანამდე სესხის გაცემის წინააღმდეგი იყო, განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინისთვის არასამხედრო ფინანსური დახმარების დაფინანსებაში მონაწილეობას დათანხმდეს.
ევროკომისიამ მიმდინარე წლის დასაწყისში 2028-2034 წლებისთვის 2 ტრილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. ხარჯების შემცირების მომხრე ქვეყნები არსებული პროექტის დაახლოებით 220-230 მილიარდი ევროთი შემცირებას მოითხოვენ. მათი პოზიციით, ევროკავშირმა ვალის ზრდა უნდა აირიდოს თავიდან. უფრო დიდი ბიუჯეტის მომხრეები კი თანხების გამოყენებას სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და რეგიონული განვითარების გასაძლიერებლად მიიჩნევენ საჭიროდ.
საბოლოო ბიუჯეტის დამტკიცებას ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება, რაც თითოეულ მათგანს გადაწყვეტილებაზე ვეტოს უფლებას აძლევს.
მოლაპარაკებების დროს ყურადღება საფრანგეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზეც გამახვილდა. არჩევნებში სავარაუდო ფავორიტმა მარინ ლე პენმა ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებები საფრანგეთის ხალხის დემოკრატიული ნების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ მანევრად შეაფასა. მანამდე ლე პენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში უკრაინის დახმარებასა და ევროკავშირის ბიუჯეტში საფრანგეთის შენატანებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა.
მაკრონმა ლე პენის განცხადებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ის ისე იქცევა, თითქოს უკვე საფრანგეთის სათავეში იყოს, თუმცა ჯერჯერობით პრეზიდენტად არჩეული არ არის.
მოლაპარაკებებს არ დასწრებია ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი – ის თავის ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც კვირას, 29 ნოემბერს არის დანიშნული.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ბიუჯეტზე მოლაპარაკებები 17-18 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე განახლდება. ევროპელ ლიდერებს სურთ, შეთანხმებას 2027 წლის მნიშვნელოვანი არჩევნების დაწყებამდე მიაღწიონ, რათა მომავალ წელს პოლიტიკური ცვლილებების ფონზე კომპრომისის მიღწევა არ გართულდეს.
გუშინდელ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მომდევნო პრეზიდენტი ესპანელი ეკონომისტი პაბლო ერნანდეს დე კოსი იქნება. ის თანამდებობაზე კრისტინ ლაგარდს 2027 წლის თებერვლიდან შეცვლის.