მაია მწარიაშვილი: შს მინისტრმა დაანგრია მითი მზია ამაღლობელის მსჯავრდების უკან სამართლებრივი მოტივების არსებობაზე

პუბლიკა

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი შს მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნა ბათუმის სტადიონზე თურქი გულშემატკივრების მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმისგან განსხვავებულ მოვლენად შეაფასა. ადვოკატის შეფასებით, მინისტრის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამაღლობელის შემთხვევას სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა და ის პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული.

„როცა შინაგან საქმეთა მინისტრმა ძალიან ამაყად განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის შემთხვევა იყო სხვა რამე და ეს იყო დემონსტრაციული სილა პოლიციისადმი, სწორედ ამით დაანგრია მითი მზია ამაღლობელის მსჯავრდების უკან სამართლებრივი მოტივების არსებობაზე.
სამწუხაროდ, ბატონი მინისტრის კვალიფიკაცია არ ჰყოფნის ამ საკითხების სამართლებრივ შეფასებას. პირველ რიგში, როცა მინისტრი ამბობს, რომ პოლიციელებმა სხეულის დაზიანება მიიღეს და დაკავებულები ადმინისტრაციულ ჯარიმებს მიიღებენო, ეს არის ძალიან დიდი სამართლებრივი უმეცრება.

„სხეულის დაზიანება როგორც კი არის გადავდივართ სისხლის სამართალში. მზია ამაღლობელის შემთხვევაში არავითარი სხეულის დაზიანება არ იყო და ყველაზე მძიმე შემთხვევაში – სილა, რომელმაც ლოყის გაწითლება გამოიწვია  – სწორედაც რომ ეტეოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში. აქ ბატონმა მინისტრმა ბრძანა, რომ პოლიციელებმა სხეულის დაზიანებაც მიიღეს, მაგრამ მერე რა, ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევააო. ეს არის აბსოლუტურად სამართლებრივი აბრაკადაბრა, როგორც გაუხარდებათ ისე“,  – ამბობს მწარიაშვილი გამოცემა „ნეტგაზეთან” ინტერვიუში.

უფლებადამცველის თქმით, სასამართლოს განაჩენით, ჟურნალისტს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. მისი შეფასებით, თუნდაც სილა მას დემონსტრაციულად გაეწნა, ეს დანაშაულს არ წარმოადგენს, რადგან მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის წინააღმდეგობა სწორედაც რომ არ გაუწევია. მწარიაშვილი ამბობს, რომ თურქული საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს და არა სამართლებრივი.

„თქვენ გინახავთ თუნდაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სასამართლოს განხილვამდე ათავისუფლებდნენ? მე არ მინახავს. ინდივიდუალური შემთხვევები რომც არ განვიხილოთ, თუ სხეულის დაზიანებები არსებობს, იქ არავითარ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე აღარ ვსაუბრობთ და წერტილი” –  ამბობს მწარიაშვილი „ნეტგაზეთთან”.

დღეს შს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ბათუმში თურქი გულშემატკივრების მიერ პოლიციელებზე თავდასხმისა და მზია ამაღლობელის საქმეები ერთმანეთისგან გამიჯნა. მისი თქმით, სტადიონზე მომხდარი ინციდენტი სრულიად განსხვავებული მოვლენაა.

სულხან თამაზაშვილის თქმით, ამაღლობელმა პოლიციელს დემონსტრაციულად გააწნა სილა, ხოლო სტადიონზე მომხდარი ინციდენტი ქომაგების ემოციებითა და აგრესიით იყო განპირობებული.

„მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, პოლიციას გაარტყა სილა. ის იყო დემონსტრაციული აქტი, პოლიციისთვის სილის გაწვნა და ესენი არიან ქომაგები, რომელთაც აქვთ ასეთი არაადეკვატური [ქცევა].

სულხან თამაზაშვილის თქმით, ბათუმის სტადიონზე მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციის 4 თანამშრომელი დაშავდა. შს მინისტრმა დღეს ასევე დაადასტურა მედიასთან, რომ გუშინდელი შემთხვევის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა გულშემატკივარი გაათავისუფლეს. 

მინისტრის თქმით, „ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და ყველა მათგანზე დადგება შედეგი, მათ შორის, შეიძლება აეკრძალოთ ქვეყანაში შემოსვლა გარკვეული პერიოდით”.