შს მინისტრი: მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად პოლიციას გაარტყა სილა და ესენი არიან ქომაგები

პუბლიკა

შს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ბათუმში თურქი გულშემატკივრების მიერ პოლიციელებზე თავდასხმისა და მზია ამაღლობელის საქმეები დღეს ერთმანეთისგან გამიჯნა. მისი თქმით, სტადიონზე მომხდარი ინციდენტი სრულიად განსხვავებული მოვლენაა.

სულხან თამაზაშვილის თქმით, ამაღლობელმა პოლიციელს დემონსტრაციულად გააწნა სილა, ხოლო სტადიონზე მომხდარი ინციდენტი ქომაგების ემოციებითა და აგრესიით იყო განპირობებული.

„მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, პოლიციას გაარტყა სილა. ის იყო დემონსტრაციული აქტი, პოლიციისთვის სილის გაწვნა და ესენი არიან ქომაგები, რომელთაც აქვთ ასეთი არაადეკვატური [ქცევა].

სულხან თამაზაშვილის თქმით, ბათუმის სტადიონზე მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციის 4 თანამშრომელი დაშავდა. შს მინისტრმა დღეს ასევე დაადასტურა მედიასთან, რომ გუშინდელი შემთხვევის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა გულშემატკივარი გაათავისუფლეს.

26 ნოემბერს ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის” გულშემატკივრებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება იყო მატჩის დაწყებამდეც. შსს-ს ცნობით მომხდართან დაკავშირებით დააკავეს 16 ადამიანი.