უეფა „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩთან დაკავშირებით მეორე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს. ორგანიზაციამ ეთიკისა და დისციპლინური ინსპექტორები დანიშნა.
„უეფა მკაცრად გმობს ძალადობისა და წესრიგის დარღვევის სერიოზულ ფაქტებს, მათ შორის სტადიონის შიგნით გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებებს, რომლებიც 2026 წლის 26 ნოემბერს, უეფას ევროპა ლიგის მატჩების: „მარსელი“ – „ლევსკი სოფია“ და „ბეშიქთაში“ – „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მდინარეობისას დაფიქსირდა.
უეფამ დანიშნა ეთიკისა და დისციპლინური ინსპექტორები ინციდენტებზე დისციპლინური გამოძიების ჩასატარებლად და ყველა არსებული მტკიცებულების შესასწავლად, რათა დადგინდეს შესაბამისი ფაქტები და გარემოებები უეფა-ს მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩოს შესაბამისად.
ძალადობას, აგრესიას, სიძულვილსა და ნებისმიერი სახის პროვოკაციულ, დისკრიმინაციულ თუ ექსტრემისტულ ქცევას ფეხბურთში ადგილი არ აქვს. უეფას შეჯიბრებები ეფუძნება პატივისცემის, სამართლიანი თამაშის, კეთილსინდისიერებისა და უსაფრთხოების პრინციპებს. ზემოაღნიშნულ მატჩებზე განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება ამ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და უეფას წესდებით განსაზღვრულ მიზანს, უზრუნველყოს საფეხბურთო მატჩების მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და სპორტული სამართლიანობის პირობებში ჩატარება” – ნათქვამია განცხადებაში.
26 ნოემბერს UEFA-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მატჩის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი ორგანოები იყვნენ.