საქართველოში ვერ იფრენს ვერცერთი კომპანია და ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული – ქვრივიშვილი

პუბლიკა

„მკაფიოდ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ საქართველოში არ იოპერირებს არცერთი კომპანია და არცერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული, რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს, მათ, რა თქმა უნდა, არ ექნებათ შეზღუდვა განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის  განკარგულების მიხედვით, რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას აუქმებს. ასევე, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში პირდაპირი ფრენის აკრძალვაც მოხსნა.

„ამ ეტაპისთვის არანაირი ნებართვა არ არის საქართველოს მხრიდან გეცმული, რადგან ამ ეტაპისთვის ჩვენ არ გვაქვს მომართვა არცერთი ავიაკომპანიის მხრიდან, მათ შორის არც სახელმწიფოს მხრიდან, მომართვის შემთხვევაში ყველა კომპანია, რომელიც იქნება არასანქცირებული და ის ბორტები, რომლებიც არ იქნებიან სანქცირებულები ისინი შეძლებენ საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებას, ისევე, როგორც ისინი ოპერირებენ მაგალითად ისრაელში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და გაერთაინებულ საემიროებში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 15 მაისიდან გაუქმდება. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.

რაც შეეხება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენაზე აკრძალვის მოხსნას, უკვე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება საქართველოში ფრენის აკრძალვის შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადდა.

რუსული ავიაკომპანიები მოსკოვიდან თბილისში, კვირაში 7 პირდაპირ რეისს შესრულებენ. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ უთხრა რუსულ მედიას.


2000 წელს საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა დსთ-ის ქვეყნებიდან, რომელსაც რუსეთმა დაუწესა სავიზო რეჟიმი. 2006 წელს რუსეთმა დააწესა ემბარგო ქართული პროდუქციის იმპორტზე, შეწყდა, საჰაერო მიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის. იმავე წლის ზამთარში რუსეთმა საქართველოს მოულოდნელად შეუწყვიტა გაზის მიწოდება.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი 2012 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა.

2019 წელს პუტინის გადაწყვეტილებით, პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყდა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ – როდესაც დიდი სახალხო პროტესტი მოჰყვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და სესიის რუსულ ენაზე ჩატარებას.