ჟურნალისტისთვის არ მიგინებია, აქციის მონაწილეს ვუთხარი - „ოცნების“ დეპუტატი

პუბლიკა

„ტვ პირველის“ ცნობით, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას და პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პარლამენტში მისულ დეპუტატს ჟურნალისტი შეკითხვას უსვამს.

„სანამ შეხვალთ გვიპასუხეთ… რატომ გარბიხართ?, – რის პასუხადაც დეპუტატის გინება ისმის.

მოგვიანებით, ლევან მგალობლიშვილმა „პირველებს“ უთხრა, რომ მას ჟურნალისტისთვის არ შეუგინებია და მისი ნათქვამი აქციის მონაწილეს მიემართებოდა.

„ვინ არის ნანუკა ქაჯაია. კაცი დგას ძალიან უწმაწური წარწერით და მაგას ვუთხარი. ჩემი საქმეა, ვის როგორ ვუპასუხებ. ჩემს საქციელზე მე ვაგებ პასუხს. ნანუკა ქაჯაიასთვის მე არ შემიგინებია, როგორ გეკადრებთ”. – ამბობს მგალობლიშვილი.

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს სახელწოდებით „შეაწუხე ირაკლი“. პარლამენტის შესასვლელთან მობილიზებულია პოლიციაც.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს. პრემიერის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართება დებატები და იქნება დეპუტატების სიტყვით გამოსვლაც.