13 იანვრიდან მოსალოდნელია თოვლი, ძლიერი ქარი და შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  13-დან 17 იანვრამდე მოსალოდნელია საქართველოში ამინდის მკვეთრად გაუარესება. სააგეტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.

„მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.