13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს - უგულავა

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 13 მაისს პროცესი ჩაინიშნა.

„13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილს ვცემე, აი ეგ საქმე. მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე“, – ამბობს პოლიტიკოსი.

„პუბლიკა“ ცდილობს სასამართლოდან მიიღოს ინფორმაცია პროცესის ჩანიშვნასთან დაკავშირებით. დეტალების მიღებისთანავე მასალა განახლდება.


გიგი უგულავას 2019 წლის 11 დეკემბერს აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა, რაც ცემას გულისხმობს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერს 2019 წლის 12 დეკემბერს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, უგულავას საგამოძიებო უწყებისთვის უნდა ჩაებარებინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პასპორტი.

შსს-ს ამბობდა, რომ აეროპორტში მომხდარ ინციდენტში 4 პირი მონაწილეობდა. იმავე მუხლით ბრალი წარედგინა დაპირისპირებული მხარიდან ერთ-ერთსაც, ხოლო დანარჩენი ორი [მათ შორის გოკა გაბაშვილი] დაზარალებულად ცნეს.

უგულავამ 2019 წლის 11 დეკემბერს Facebook-ზე დაწერა, რომ მას და მის თანაგუნდელს, საკრებულოს დეპუტატ გოკა გაბაშვილს აეროპორტის შენობაში თავს 2 უცხო პირი დაესხა და ინციდენტის შედეგად გოკა გაბაშვილს მუხლი დაუზიანდა.