გიგი უგულავას აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგი უგულავას აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა, რაც ცემას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებიდან „პუბლიკას“ განუმარტეს, აეროპორტში მომხდარ ინციდენტში 4 პირი მონაწილეობდა. იგივე მუხლით ბრალი წარედგინა დაპირისპირებული მხრიდან ერთ-ერთსაც, ხოლო დანარჩენი ორი [მათ შორის გოკა გაბაშვილი] დაზარალებულად ცნეს.

დღეს უგულავამ facebook-ზე დაწერა, რომ მას და მის თანაგუნდელს, საკრებულოს დეპუტატ გოკა გაბაშვილს აეროპორტის შენობაში თავს უცხო პირები დაესხნენ და გაბაშვილს მუხლი დაუზიანდა.

„მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში. ახლა მივდივართ შუშის შენობაში. ამბობენ თავდამსხმელები დავიჭირეთო. არ ვიცი. ჩვენ კარგად ვართ. გოკას მუხლი დაუზიანდა. ეტყობა ასე ჩაშალეს ჩვენი ორდღიანი მგზავრობა. ძაან საცოდავია ეს რეჟიმი. სასაცილოც კი“, – წერდა უგულავა.