„2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევები კვლავ ძირითადად დაუსჯელი რჩება, რეპრესიული პოლიტიკა კი სახელმწიფო ინსტიტუტებში სულ უფრო ფართოდ ვრცელდება. სამართლებრივი დევნა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, სარედაქციო შინაარსის კონტროლი და ფინანსური ზეწოლა“ – ამის შესახებ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განცხადებაში წერს და ყურადღებას ამახვილებს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმართულ სისტემურ კამპანიაზე.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და ჟურნალისტებზე ზეწოლის სხვადასხვა ფორმას მიმოიხილავს. საუბარია საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების დაჯარიმებასა და დაკავებაზე, პარლამენტში მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის შეზღუდვაზე, საკანონმდებლო ცვლილებებზე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კრიტიკული ტელეკომპანიების დაჯარიმებასა და მათთვის გარკვეული სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენების შეზღუდვაზე. ორგანიზაცია ასევე ეხება ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეს, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, დამოუკიდებელი მედიისთვის უცხოური დაფინანსების შეზღუდვასა და ფინანსურ პრობლემებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2024 წელს საპროტესტო აქციებს პრესის მიმართ თავდასხმების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა, მათ მიერ დოკუმენტირებული თითქმის 600 შემთხვევა ახლდა, მოგვიანებით კი რეპრესიებმა ახალი ფორმა შეიძინა. 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის ოქტომბრამდე მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა 211 ინციდენტი აღრიცხა, მათ შორის ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მიმართ სასამართლო და ადმინისტრაციული ზეწოლის 63 შემთხვევა – ჯარიმებიდან და დაკავებებიდან დაწყებული, საბანკო ანგარიშების გაყინვით დასრულებული.
„მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, რომელიც პრესის თავისუფლების მტაცებლად აღიარებულმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა, ძალისხმევით სახელმწიფო ინსტიტუტები ახლა რეპრესიული აპარატის მთავარ ნაწილად იქცა.
ორი წლის წინ თბილისის ქუჩებში ჟურნალისტებს სასტიკად სცემდნენ და მათზე მიზანმიმართულად ძალადობდნენ. დღეს რეპრესიები სასამართლო დარბაზებშიც ხორციელდება, საჯარო დაწესებულებებშიც და მედიის წარმომადგენელთა საბანკო ანგარიშებზეც ვრცელდება. მაშინ, როდესაც პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევები ძირითადად დაუსჯელი რჩება, საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებელი ხმების გასაჩუმებლად სახელმწიფო აპარატს იყენებს. RSF მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პრესის თავისუფლების მოსპობისკენ მიმართული ეს კამპანია და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი“
CMIS-ის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 30 ჟურნალისტი საპროტესტო აქციების გაშუქებისას მოძრაობისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დააჯარიმეს. მაგალითად, 2025 წლის მაისში სასამართლომ ძალაში დატოვა ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტ მარიამ ქავშბაიასთვის დაკისრებული 5 000 ლარის (დაახლოებით 1 600 ევრო) ოდენობის ჯარიმა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიერ წარდგენილ ვიდეოკადრებში ჩანდა, რომ ჟურნალისტი პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა – წერს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.
ორგანიზაციის შეფასებით, რეპრესიული პოლიტიკის სიმბოლოდ იქცა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელსაც 2025 წელს სახაროვის პრემია მიენიჭა.