„ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რომელიც მნიშვნელოვანი და ღირებული პროექტი იქნება ქართული სპორტის განვითარებისთვის“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
კობახიძის თქმით, უკვე გაიხსნა სამბოს ახალი დარბაზი, რომელიც სპორტული ქალაქის პირველი ობიექტია. მისი განმარტებით, სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქი გააერთიანებს მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სპორტის მენეჯერებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქართული სპორტის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ღონისძიებაზე.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა კომპანია VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში შეტანილი წვლილისთვის, ასევე მშენებლებსა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ პირებს.