„პუბლიკა“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელს, თამთა მიქელაძეს, 2024 წლის ზამთრის აქციების დროს საპოლიციო ძალადობის მსხვერპლთა საქმეებზე დაწყებული გამოძიებების შესახებ ესაუბრა.
თამთა მიქელაძის თქმით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაშავებული 41 დემონსტრანტის ინტერესებს იცავს; მათგან 40-ს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, თუმცა 40-დან მხოლოდ ერთ – ზვიად მაისაშვილის საქმეზე დაიწყო კონკრეტული პოლიციელების სისხლისსამართლებრივი დევნა, დანარჩენ საქმეებზე კი გამოძიებას პროგრესი თითქმის არ აქვს.
„მხოლოდ ჩვენი საქმეების რაოდენობა, რომელიც საკმაოდ დიდია, გვაფიქრებინებს, რომ ეს გამოძიება დემონსტრაციულად არაეფექტური და ილუზორულია. ამ პირობებში, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი, ძალადობაგამოვლილი პირების უფლებების აღდგენის ერთადერთ სამართლებრივ მექანიზმად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გვესახება, რომელსაც ეტაპობრივად მივმართავთ“, – ამბობს თამთა მიქელაძე.
მისივე თქმით, ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი პირები ჰყვებიან უმძიმეს გამოცდილებაზე, რომელიც ერთმანეთს ჰგავს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა წინასწარ იყო დაგეგმილი.
„არაერთი დაზარალებული ერთი და იმავე ტიპის გამოცდილებაზე ჰყვებოდა, თუ როგორ იყენებდნენ სპეცრაზმელები და პოლიციელები საპოლიციო მანქანებში, ე.წ. ფურგონებში, მათ მიმართ უმძიმეს ძალას; საუბარია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სასტიკ ფორმებზე.
ისინი ჰყვებოდნენ, რომ პოლიცია, როგორც წესი, მათ სახის არეში აყენებდა უმძიმეს ზიანს. რეჟიმი დემონსტრაციულად სჩადიოდა ამ ძალადობას, რადგან ძალის დემონსტრირება სურდა.
რეჟიმს უნდოდა გაეტეხა საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, რომელიც იმ პერიოდისთვის მასშტაბური იყო, და დემონსტრაციულად დაესაჯა ადამიანები. ეს არ ყოფილა პოლიციელების მხრიდან შემთხვევითი და სპორადული გადაცდომები, ეს იყო პოლიციის მთელი მენეჯმენტის ჩართულობით, ზემოდან ქვემოთ ვერტიკალში კარგად კოორდინირებული, ორგანიზებული და მასშტაბური ძალადობა.
ჩვენ ამ საქმეებში ვამტკიცებთ, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შსს-ს მთელ მენეჯმენტს უნდა დაეკისროს; კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო ზემოდან ქვემოთ ორგანიზებული და მასშტაბური ძალადობა, რომელსაც მწვანე შუქი აუნთო მინიმუმ მინისტრმა და მენეჯმენტის სხვა რგოლებმა, თუ კიდევ უფრო ზევით არ ავალთ ამ იერარქიაში.
ევროპულ სასამართლოში ვამტკიცებთ, რომ არა მხოლოდ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო მასშტაბური და სისტემური, არამედ გამოძიების არაეფექტიანობაც სისტემურია.
ზოგჯერ ჩვენი მოქალაქეები ფიქრობენ, რომ პოლიციის ეს აღვირახსნილობა იყო რაღაც, რაც მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ხდება და დანარჩენები უსაფრთხოდ არიან, მაგრამ ჩვენ შემდეგ დავინახეთ არაერთი მოქალაქის წუხილი იმაზე, თუ რა მასშტაბისა და ხარისხის ძალადობები ხდებოდა პოლიციის განყოფილებებში ორდინარული დანაშაულების დროს.
ამიტომ ის, რაც რეჟიმმა გაბედა, რომ ძალადობა დაეშვა, ძალიან მალე ნორმალიზებული გახდა დანარჩენი მოქალაქეების მიმართაც“, – ამბობს თამთა მიქელაძე.
2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გაახმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. კობახიძის ამ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
მხოლოდ 10-დღიან ინტერვალში, 28 ნოემბრიდან 6-7 დეკემბრის ღამის ჩათვლით, საპოლიციო ძალებმა აქცია 7-ჯერ დაარბიეს და ასობით დემონსტრანტი დააკავეს. სახალხო დამცველის მიერ მონახულებული დემონსტრანტების 69% არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა; 170-მდე პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა, 120-მდე პირს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
არასათანადო მოპყრობის შესახებ საგამოძიებო უწყებებს განცხადებით ათეულობით მსხვერპლმა მიმართა. პროკურატურისა და სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, ზამთრის აქციების მონაწილე 105 დემონსტრანტს აქვს დაზარალებულის სტატუსი, თუმცა, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით, კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ 3 საქმეზე გამოიკვეთა.
ათობით დემონსტრანტი საუბრობდა გდდ-ის (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის) წევრების მხრიდან ძალადობის ერთგვაროვანი ხერხების გამოყენებაზე.
დემონსტრანტებს მიზანმიმართულად ურტყამდნენ სახისა და თავის არეში – ქცევის ერთგვაროვანი ხელწერა კი მიუთითებდა, რომ დანაშაულებრივი ქმედებები, სავარაუდოდ, წინასწარ იყო დაგეგმილი და აქციის მონაწილეთა დაშინებას ისახავდა მიზნად.
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ამ პერიოდში დაფიქსირდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და საჯარო ფიგურების დევნისა და მათზე ძალადობის ფაქტები, ორგანიზებული სატელეფონო მუქარები და ძალადობის სხვა ფორმები.