„პირველი, რაზეც შევჯერდით, დავიწყეთ კონსულტაციები, ცუდი სცენარის შემთხვევაში თბილისში მაჟორიტარების საკითხთან დაკავშირებით. ანუ, ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ინსტრუმენტით ბრძოლას მშვიდობიანად ქვეყნის შიგნით და გარეთაც. გრძელდება ძალიან მყარი წნეხი ჩვენს ხელისუფლებაზე, ივანიშვილზე, რომ კომპრომისი იყოს საარჩევნო სისტემაზე. თუმცა ისინი იმეორებენ, რომ არაფერს დათმობენ, თქვეს, რომ თებერვალში მორჩება. აი რადგან ასე ლაპარაკობენ და რადგან ვერაფერს გამოვრიცხავთ და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უკვე დავიწყეთ თბილისის მაჟორიტარებზე აქტიური ფაზა კონსულტაციების“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„ევროპულმა საქართველომ“ შეხვედრაზე მეორე საკითხიც დასვა. პარტიის წარმომადგენლებმა გამოსავლის ძებნის პროცესში კიდევ ერთი კომპრომისული წინადადება შესთავაზეს ოპოზიციას.
„ეს არის პრინციპი, რომ იმის ნაცვლად ხელისუფლება რომ იძახის, რომ მესამედზე ნაკლებით, უნდა პირველზე გასულ პარტიას რომ უმრავლესობა ჰქონდეს, ჩვენ ვთავაზობთ მყარ პრინციპს. არსებითი უპირატესობა უნდა ჰქონდეს პარტიას, 40 %-ზე არსებითად მაღლა უნდა იყოს და უნდა მოიგოს მაჟორიტარების დიდი ნაწილი და ამ შემთხვევაში ექნება შანსი უმრავლესობის.“
გიგა ბოკერიას განცხადებით, ამ შეთავაზებით მოიხსნება იმ საპარლამენტო კრიზისის შექმნის ალბათობაც, რომელზეც ხელისუფლება აპელირებს.
„თუ მაინცდამაინც ციფრებში უნდა გადავიყვანოთ ეს არის 130 პროპორციული ადგილი და 20 მაჟორიტარი“,-აცხადებს გიგა ბოკერია.