დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია 100/50-ზე, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა - მდინარაძე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდა. რაც შეეხება კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას, მდინარაძის შეფასებით, მის განცხადებაში ორი მთავარი გზავნილია – მშვიდობისკენ მოწოდება და კომპრომისი.

„ურთიერთდათმობის ფარგლებში ჩვენ 77/73-იდან გადავდგით ნაბიჯი და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია 100/50-ზე. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. ისინი დგანან საწყის პოზიციაზე და ცდილობენ, თავიანთი ულტიმატუმი კომპრომისად გაასაღონ. თუმცა, კომპრომისი და ურთიერთდათმობა ამას არ გულისხმობს.

რაც შეეხება სხვა ვერსიებს, ვთქვათ 144/6-ზე ან 148 /2-ზე, მე არ ვიცი ამაზე რამდენად სერიოზულად უნდა ვისაუბროთ…. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ველოდებით მათ კომპრომისულ ვარიანტს. ჩვენი კომპრომისული ვარიანტი უკვე ხელის გულზე დევს”, – განაცხადა მდინარაძემ.

ხელისუფლებამ ოპოზიციას 2019 წლის დეკემბერში შერეული საარჩევნო მოდელი 100/50 შესთავაზა. ეს საარჩევნო მოდელი გულისხმობს პროპორციული წესით 100 დეპუტატის არჩევას ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატების 50-მდე შემცირებას.