14 წლის გარდაცვლილი გოგოს ბაბუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გამოაცხადა. ინფორმაცია „პუბლიკას“ ბათუმის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 აპრილს 12:00-ზე ჩაინიშნა.

ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება პროკურატურის შუამდგომლობა იყო.

დაცვის მხარე ბრალდებულის 10 ათას-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

ადვოკატ დავით საფარიძის თქმით, ბრალდება 76 წლის მამაკაცის მიმართ დაუსაბუთებელია და იგი მხოლოდ ერთ ეპიზოდს აღიარებს.

არასრულწლოვნის ბაბუას ბრალდება წარდგენილი აქვს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით.

აღნიშნული მუხლები სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


10 თებერვლის საღამოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, 14 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით.

ბაბუის ეპიზოდში, პროკურატურის ვერსიით, „გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში, ს.ც.-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს ნ.ც.-ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. სამართალდამცავებმა ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 15 თებერვალს დააკავეს. დაკავების შემდეგ დაკითხვისას ს.ც.-მ 2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი აღიარა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დღეს მან შვილიშვილის მიმართ ძალადობა განახორციელა“.