14 წლის გოგოს საქმეს პროკურატურამ გაუპატიურების კვალიფიკაცია არ მიანიჭა | PHR ასაჩივრებს

პუბლიკა

ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლბებისთის“ (PHR) 2021 წლის თებერვალში bათუმის რაიონულ პროკურატურასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას მიმართა, ქობულეთში 14 წლის მოზარდის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტისთვის, გაუპატიურების კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ.

ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ არ გაიზიარა  ადვოკატის  პოზიცია და უარი თქვა ქმედების კვალიფიკაციის შეცვლაზე.

პროკურატურის გადაწყვეტილება PHR-მა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვა პროკურატურის უარის გაუქმება და 14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, სექსუალური ძალადობის ნაწილში, კვალიფიკაციის შეცვლა.

ორგანიზაციის იურისტების შეფასებით, საქმეში არსებული გარემოებებიდან იკვეთება, რომ სახეზე იყო ნების დამთრგუნველი არაერთი გარემოება, რაც გამორიცხავდა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად ინფორმირებული თანხმობის გაცემას, ეს კი საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, წარმოადგენს გაუპატიურებას და არა ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირს.

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად (საქართველოსთვის ძალაშია 2017 წლის სექტემბრიდან), თანხმობის მიცემა უნდა მოხდეს ნებაყოფლობით, პიროვნების ნების თავისუფალი გამოხატვის შედეგად, გარემომცველი პირობების გათვალისწინებით. სხვა შემთხვევაში მიიჩნევა, რომ თანხმობა არ არის სახეზე, რაც იძლევა გაუპატიურების შემადგენლობას.

„სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (საქართველოსთვის ძალაშია 2015 წლის 01 იანვრიდან) განმარტებითი ოქმის თანახმად  კონვენცია გაუპატიურებად მოიაზრებს თანხმობის გარეშე (lack of consent)  სექსუალურ კავშირსაც, მაშინაც კი როდესაც ბავშვი თანხმობის ასაკს (საქართველოს კანონმდებლობით 16 წელი) მიღწეულია.

ამასთანავე, ორივე კონვენციის განმარტებითი ოქმი უთითებს  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამრთლოს 2003 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე M.C. v. Bulgaria, სადაც განმარტებულია რომ სექსუალური ძალადობისას ფიზიკური დაზიანებების არ არსებობა და სახელმწიფოს მხრიდან თანხმობის გარეშე სექსუალური კავშირის შემთხვევების იგნორირება გაუპატიურების ცალკეულ შემთხვევებს დაუსჯელს ტოვებს, “- ამბობენ ორგანიზაციაში.

იურისტებს მიაჩნიათ, რომ მოცემულ შემთხვევაში საერთაშორისო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტიდან გამომდინარე 14 წლის მოზარდის მიმართ განხორციელებული ქმედება უნდა შეფასდეს  გაუპატიურებად.


10 თებერვლის საღამოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგო  ბაბუამ გარდაცვლილი იპოვა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, გოგო გასულ ზაფხულს გააუპატიურეს. მისი თქმით, ეს იცოდა პოლიციამ, გოგოს ჩაუტარდა შესაბამისი ექსპერტიზაც, თუმცა პასუხმა დაიგვიანა, რასაც, ბაბუის თქმით, არასრულწლოვანი განიცდიდა.

პოლიციამ 14 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფრადა.

მოგვიანებით გარდაცვლილის დედამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოზარდს ძალადობრივ გარემოში უწევდა ყოფნა.

დედა ამბობს, რომ ბავშვი მომხდარის შემდეგ, სანამ პოლიციაში წაიყვანდნენ, მამამთილის ძმისშვილებმა „უმოწყალოდ სცემეს“.

„სულ წიხლქვეშ აგორა, თურმე, ჩემი შვილი. ეს ბავშვმა მომიყვა თვითონ . ძლივს გამოართვეს, რომ ბავშვი შემოგაკვდებაო და ციხეში ჩაჯდებიო. ამის შემდეგ წაიყვანეს პოლიციაში“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.

15 თებერვალს პოლიციამ გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიების საკით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა კი 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა.

ბაბუის მიმართ გამოძიება ოჯახური ნიშნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.