141 843 663 ლარის სახელმწიფო შესყიდვები „ქართული ოცნების” შემომწირველებს -TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) აქვეყნებს კვლევას საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ. კვლევა 2019 წელს მოიცავს და პარტიების შემოსავლებს, ხარჯებსა და ფინანსებზე ზედამხედველობას ეხება.

კვლევის მიხედვით, 2019 წელს იმ 19 პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელთაც 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი ან ხარჯი უფიქსირდებოდა, მმართველი „ქართული ოცნება” კვლავაც ყველაზე მდიდარ პარტიას წარმოადგენდა და თითქმის 10 მილიონიანი დაფინანსებით უკონკურენტო უპირატესობით სარგებლობდა.

19 პარტიის მიერ წარდგენილი 2019 წლის ფინანსური დეკლარაციების ანალიზის შედეგად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა:

პარტიების შემოსავლები:

► 2019 წელს 19-მა პარტიამ 20 739 364 ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან თითქმის ნახევარი – 9 502 653 ლარი – მმართველ პარტია „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა. ყველაზე მაღალშემოსავლიან პარტიათა სამეულში ასევე შედიან:

► 1 676 618 ლარით – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;

► 1 643 099 ლარით – „ევროპული საქართველო”

კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 59% (12 301 675 ლარი) სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 41% (8 437 689) კი – კერძოზე.

ორგანიზაცია წერს, რომ, „ოცნების“ გამოკლებით, 18 პოლიტიკური პარტიის ჯამური შემოსავლის 88% სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებზე მოდიოდა. „რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა პოლიტიკური პარტია სახელმწიფო დაფინანსებაზე თითქმის სრულად არის დამოკიდებული და ეს ტენდენცია წლიდან წლამდე ფაქტობრივად არ იცვლება“, – ვკითუხლობთ კვლევაში.

19 პარტიიდან მხოლოდ ერთს – საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელო”-ს არ მიუღია სახელმწიფო დაფინანსება, ვინაიდან იგი 2019 წელს შეიქმნა და ჯერჯერობით არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია;

კვლევის მიხედვით, 2019 წელს 19 პარტიიდან 13-მა მთლიანობაში 8 362 581 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო 450 ფიზიკური და 26 იურიდიული პირისგან.

► შემოწირულებების 84% – 7 036 166 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა. „ქართულმა ოცნებამ” 14-ჯერ მეტი თანხა მიიღო, ვიდრე კერძო დაფინანსებით მეორე ადგილზე მყოფმა „ლელომ” და 5-ჯერ მეტი, ვიდრე დანარჩენმა 18-მა პარტიამ;

რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს, 141 843 663 ლარის ღირებულების კონტრაქტები მიიღეს 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისამდე „ქართული ოცნების” შემომწირველმა 9 კომპანიამ და შემომწირველ ფიზიკურ პირებთან  დაკავშირებულმა 15 კომპანიამ:

  • 15 750 924 ლარი გამარტივებული შესყიდვებით
  • 126 092 739 ლარი  ტენდერებით
  • კვლევის მიხედვით, ამ დამფინანსებლებს მმართველი პარტიის ყულაბაში ჯამში 1 745 000 ლარი ჰქონდათ შეტანილი;

TI-ის მაგალითად მოჰყავს კომპანია „გ & კ ტექნოლოგი” და მისი მფლობელი რომან აბრამიშვილი, რომელთა შემოწირულობა 40 000 და 60 000 ლარი იყო.

„ამ კომპანიამ 16 თვის განმავლობაში 28 376 575 ლარის 8 სახელმწიფო ტენდერი მოიგო. აბრამიშვილი 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს, 2012 წელს კი მაშინდელ მმართველ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც” აფინანსებდა“, – წერს ორგანიზაცია.

კვლევის მიხედვით, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის დამფინანსებლებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომლებიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხებს ურიცხავენ.

TI-ის მტკიცებით, ყველა ამ ბიზნესჯგუფს ერთი საერთო ახასიათებს – მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან 1-2 დღის შუალედში წირავს მმართველ პარტიას თანხას, რაც ორგანიზაციას ეჭვებს უჩენს:

  • წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული?
  • სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა?

„ქართული ოცნების” მსხვილ დამფინანსებლებს შორის 2019 წელსაც, ტრადიციულად მოხვდნენ:

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შემომწირველი ფიზიკური და იურიდიული პირების ჯგუფი;

► სახელმწიფო შესყიდვების მსხვილ კონტრაქტორ „თეგეტა მოტორსთან” დაკავშირებული პირები;

„ლილო-მოლთან” დაკავშირებული შემომწირველები;

„სერვის-აგრო”-სთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული შემომწირველები;

„პოლიმერთან” დაკავშირებული პირები.

პარტიების ხარჯები

კვლევის მიხედვით, 19-მა პარტიამ 2019 წელს სულ 20 723 057 ლარი დახარჯა.

  • თანხის 43% – 8 877 711 ლარი – მმართველ პარტიაზე მოდის.
  • 2 206 248 ლარით მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო”;
  • 1 671 775 ლარით მესამეზე კი – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;

პარტიებმა რეკლამაზეჯამში 2 352 736 ლარი დახარჯეს.

  • აქედან 74% – 1 747 140 ლარი –  მმართველ პარტიაზე მოდიოდა. „ქართულმა ოცნებამ” რეკლამაში 3-ჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრე დანარჩენმა 18 პარტიამ ჯამურად დახარჯა  – 605 596 ლარი.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა Facebook-ზე დასპონსორებული პოლიტიკური შინაარსის საინფორმაციო მასალა, რომლის დამკვეთიც არ არის საჯარო;

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური სოციალურ ქსელებში პოლიტიკური ფინანსების ხარჯვას ვერ აკონტროლებს.

რეკომენდაციის სახით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს:

  • მაღალი რისკის შემცველი შემოწირულებების იდენტიფიცირებას და შესწავლას;
  • პარტიების ფინანსური დეკლარაციების ეფექტურ მონიტორინგს;
  • პარტიების შესაძლებლობების გაძლიერებას ფინანსების სწორად და სრულად დეკლარირების მხრივ;

ორგანიზაციის კვლევას სრულად გაეცანით ბმულზე.