15 აპრილს, საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, პარლამენტთან მორიგი აქცია დაანონსდა

პუბლიკა

ორშაბათს, 15 აპრილს, საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, პარლამენტთან აქცია გაიმართება.

ამის შესახებ აქციის „კი – ევროპას! არა – რუსულ კანონს!“ ორგანიზატორებმა განაცხადეს.

ამ წუთებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საპროტესტო მარშით პარლამენტთან გადაინაცვლეს.

„ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი. ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი”, – აღნიშნავენ მარშის ორგანიზატორები.

პარლამენტის ბიურომ რუსულ კანონს მსვლელობა მისცა.

ბიუროს 8 აპრილის სხდომაზე განისაზღვრა, რომ კანონპროექტი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, კომიტეტი 15 აპრილს, ორშაბათს დაინიშნება და მას ივნისის ბოლომდე მიიღებენ.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.